ბრიფინგი „ქართული ოცნების“ ოფისში

20 ივნისი 2022, 12:16 1098 ნახვა

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროკომისიის დეპოლარიზაციისკენ მოწოდების მიუხედავად, საქართველოში, რადიკალური ოპოზიცია დაპირისპირების გაღრმავებას ცდილობს.

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, ამის დასტურია დღევანდელი აქცია. 

მისივე თქმით, დეპოლარიზაცია ერთადერთი პუნქტია, რომელიც არც უკრაინის და არც მოლდოვას მიმართ რეკომენდაციებში არანაირი ფორმით არ მოხვედრილა.

„დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველაზე აქტუალურია კითხვა: ვინ ან რა უქმნის საქართველოს ხელოვნურ დაბრკოლებებს ევროინტეგრაციის პროცესში? მაშინ, როდესაც ევროკომისიის დასკვნაში პირველ პუნქტად დეპოლარიზაციაა მითითებული, ჩვენი ოპოზიციის ნაწილი ხალხს აქციებისკენ მოუწოდებს. სხვათა შორის, დეპოლარიზაცია არის ერთადერთი პუნქტი, რომელიც არც უკრაინასა და არც მოლდოვას მიმართ, რეკომენდაციებში არანაირი ფორმით არ მოხვედრილა.

ერთი სიტყვით, ხალხი, რომელიც პროევროპელობას იჩემებს და ანტისაოკუპაციო მოძრაობის ფლაგმანებად გვაჩვენებს თავს, საგულდაგულოდ მალავს რუსეთთან კავშირების თუ რუსული საქმის მამტკიცებელ ინფორმაციებს, თუმცა აქტიურად იგონებს და ავრცელებს ასეთ ამბებს. საზოგადოებას ამ დროისათვის ჯერ კიდევ არ მიუღია პასუხი კითხვაზე, რა მოცულობით და დანიშნულებით იღებდა ხოშტარიების ოჯახი მილიონობით რუსულ რუბლს მთელი ამ წლების განმავლობაში, მათ შორის 2008 წლის რუსული ოკუპაციისა და რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის დაწყების შემდეგ.

როდესაც ადამიანი საზოგადოებას არწმუნებს, რომ მისთვის ყველაფერი რუსული პრინციპულად მიუღებელია და ამავდროულად რუსულ ფულზე უარს არ ამბობს, ეს სულ მცირე ორმაგი სტანდარტისა და სიყალბის უტყუარი მტკიცებულებაა, თუმცა, ამის მიღმა, ეჭვი მძაფრდება, როდესაც ვიხსენებთ, რომ ელენე ხოშტარია იყო ყველა იმ პროვოკაციის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი, რომლითაც გასულ წლებში რუსეთმა იხეირა. მაგალითებისთვის: ყველას გვახსოვს მისი ქმედებები ზუსტად სამი წლის წინ, 20 ივნისს, რამაც საბოლოოდ რუსეთს საქართველოსთან ფრენების ჩაკეტვისა და ქვეყანაზე მძიმე ეკონომიკური დარტყმის მიყენების შესაძლებლობა მისცა.

ყველას გვახსოვს ქმედებები 80 წელს გადაცილებული პოზნერის წინააღმდეგ, რამაც ასევე საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული რიტორიკის წისქვილზე დაასხა წყალი. ეჭვებს ამძაფრებს ელენე ხოშტარიას მამის წარსული, რაზეც ზვიად გამსახურდია აქტიურად საუბრობდა. ასევე ის ფაქტი, რომ თავად ხოშტარია მგიმოს კურსდამთავრებული და რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტია. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, ხოშტარიას ქმედებები სწორედ რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ინტერესებს მოემსახურა, თანაც, ამას აკეთებდა ისეთ ადამიანებთან ერთად, რომლებიც იყვნენ პრორუსი ბიზნესმენის, გულუას პრესსამსახურის წარმომადგენლები, თავის დროზე ჯორჯ ბუშის ქუჩის გახსნის პროტესტის ავტორები თუ რუსულ ინტერესებთან სხვა ფორმით დაკავშირებული პირები. როდესაც ამ ყველაფერს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან და მოსკოვის დიდი თეატრიდან მიღებული, ჰონორარის რაოდენობისათვის შეუსაბამო, მილიონობით რუბლი ემატება, ლოგიკური ჯაჭვი საბოლოოდ იკვრება.

ამ ფონზე, მიგვაჩნია, რომ ყველას უნდა გვაინტერესებდეს, ხომ არ აქვს ხოშტარიას რუსულ რუბლებს კავშირი რუსულ ინტერესებთან და დღევანდელ აქციასთანაც, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციის შესახებ და რომლის ორგანიზატორებიც ცდილობენ ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლება რუსეთთან გააიგივონ. ალბათ გაღმა შედავების პრინციპით. ამით უნდა დაინტერესდეს ყველა, ვისაც ოდნავ მაინც აწუხებს რუსული რბილი ძალის პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის მედია“,- აღნიშნა მდინარაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში