ქუთაისში ოპოზიცია საჯარო მოხეელებს ბუკლეტების დარიგებისას ხელის შეშლაში ადანაშაულებს

29 ივნისი 2022, 13:59 741 ნახვა

ქუთაისში, ოპოზიცია საჯარო მოხეელებს, ევროპული არჩევნების შესახებ ბუკლეტების დარიგებისას, ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გიგა შუშანია ამბობს, რომ ქუთაისის მერიის 40-მდე თანამშრომელმა, რომლებიც მოქალაქეების როლს თამაშობდნენ, ოპოზიციის ლიდერებს ევროპული არჩევანის შესახებ ბუკლეტების დარიგებაში ხელი, სამუშაო საათებისას, შეუშალეს.

გიგა შუშანიამ სპეციალურ ბრიფინგზე ის საჯარო მოხელეები დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, 28 ივნისს, ნიკეას დასახლებაში, ბუკლეტების დარიგების დროს ორგანიზებულად მოქმედებდნენ. ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ ამ პროცესების უკან ქალაქის მერი, იოსებ ხახალეიშვილი დგას. "ქართული ოცნება" კი პოლარიზაციის დასრულების ნაცვლად, ევროკავშირის გზაზე საბოტაჟს აწყობს.

 "ვარიგებდით ბუკლეტებს "ევროპა ჩვენი არჩევანია" და ვუხსნიდით მოსახლეობას რატომ არის მნიშვნელოვანი ევროპულ ოჯახში შესვლა. ქუთაისის მერის ორგანიზებით, ნიკეაზე დაგვხვდა 40-მდე ადამიანი, საჯარო მოხელეები, რომლებიც ასრულებდნენ ვითომ გაბრაზებული მოქალაქეების როლს. სინამდვილეში, ეს ადამიანები იყვნენ კეთილმოწყობის სამსახურის, ზედამხედველობის აიპის, ნიკეას ადმინისტრაციული ერთეულისა და სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები. პოლარიზაციის დასრულების ნაცვლად, ისინი გადასული არიან პროცესის საბოტაჟზე", - აცხადებს გიგა შუშანია.

ბუკლეტებს გუშინ, ქუთაისის მასშტაბით, პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე არიგებდა. ინციდენტი დაახლოებით 16:00-17:00 საათის შუალედში მოხდა. ბრალდებებზე საპასუხოდ დავუკავშირდით ქუთაისის მერიის პრესამსახურს. მათი განმარტებით, შუშანიას ბრალდებების უპასუხებენ, დროს არ აკონკრეტებენ. მერიის კომენტარს მისი გავრცელებისთანავე შემოგთავაზებთ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში