თხილის წარმოების ხელშეწყობის მიზნით სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება - პრემიერი

31 ოქტომბერი 2022, 11:32 682 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თხილის წარმოების ხელშეწყობის მიზნით სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, მთავრობა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლ​ის ღირებულებებს დაასუბსიდირებს. ამისთვის დაახლოებით 20 მილიონი ლარი გამოიყოფა. 

"სამწუხაროდ, ფაროსანას ნეგატიური ეფექტი ჯერ კიდევ სახეზეა. 2017 წელს შემოვიდა ფაროსანა და ამან გამოიწვია ძალიან დიდი კლება თხილის წარმოების. წელსაც, მაინც და მაინც კარგი მოსავალი არ იყო, ხარისხი იყო შედარებით გაუარესებული, ამას ემატება ის, რომ მოთხოვნა არის შემცირებული მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, ამიტომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წავახალისოთ და ხელი შევუწყოთ ამ სექტორში მომუშავე ფერმერებს და ფიზიკურ პირებს დავეხმაროთ მაქსიმალურად. პროგრამა ითვალისწინებს თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას, თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლ​ის ღირებულების სუბსიდირების გზით. ამისთვის პირველ ეტაპზე გამოვყოფთ დაახლოებით 20 მილიონ ლარს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ სექტორში, განსაკუთრებით სამეგრელოში. ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული ამ სექტორში და სჭირდებათ მაქსიმალური მხარდაჭერა, ისე როგორც ვეხმარებით რთველს, ყურძნის წარმოებას და ა.შ.“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ  ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0.2 ჰა-დან 3 ჰა-მდე თხილის ფართობი აქვს, თითოეულ ჰექტარზე 500 ლარის დახმარებას მიიღებს.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნული თანხა აგრობარათებზე ქულების სახით დაერიცხებათ.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, დავეხმარებით სექტორს და ყველა ფიზიკურ პირს, რომელიც სარგებლობს 0,2 ჰა-დან 3 ჰა-მდე თხილის ფართობით, აქვს საკუთრებაში, ან სარგებლობაში, ჩვენ მივცემთ 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით 500 ლარის ოდენობით დახმარებას, რომელთაც ისინი აგრობარათების, ქულების სახით მიიღებენ და შეძლებენ სხვადასხვა საქონლის შესასყიდად გამოყენებას, რომელიც თხილის მოვლისთვისაა საჭირო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს თხილის მოსავლის რაოდენობის ზრდას და ასევე, ხარისხის გაუმჯობესებას ქვეყანაში. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ 3 ჰა-დან ზემოთ თხილის ფართობის მქონე ფერმერებისთვისაც გავაკეთებთ გარკვეულ შეღავათებს და მათ მივცემთ საშუალებას, ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტის საბრუნავი საშუალებებით და დავუფინანსებთ, დაახლოებით, 8%-ის ფარგლებში სესხის პროცენტს.

ვფიქრობთ, ეს ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხარისხიანი თხილის მოსავლის მიღებას. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ პროცესი წარიმართება შემდეგნაირად: ჩვენ აღვრიცხავთ თხილის ყველა მოსარგებლეს, შესაბამისი სამსახურების და ადგილობრივი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობით, ჩვენ გავაკეთებთ და შევაგროვებთ მონაცემებს, რომლის ფარგლებშიც გვექნება სრული ინფორმაცია, თუ რა ფართობის თხილს ფლობს ფიზიკური თუ იურიდიული პირი. ასევე ჯიშებზე გვექნება ინფორმაცია, რაც შემდეგში შესაბამისი ანალიზის გაკეთების და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას მოგვცემს თხილის სექტორის მხადრაჭერისთვის“, - განაცხადა შამუგიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში