კეზერაშვილი არის ჩვენი „სეკრეტ სანტა“, რომელმაც გვაჩუქა ვანო მერაბიშვილი და ლევან ხაბეიშვილი, დიდი მადლობა მას ამ ორი საჩუქრისთვის - კობახიძე

16 მარტი 2023, 09:45 586 ნახვა

ფული არის მათი ერთადერთი რესურსი, რეპუტაციაში კი სერიოზულად უჭირთ. „ნაციონალური მოძრაობის“ რესურსი რეალურად რაც არის, ეცდებიან, რომ შეინარჩუნონ. ვნახოთ, რამდენად მოახერხებენ დაახლოებით 30-პროცენტიანი რესურსის შენარჩუნებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ,,იმედის'' ეთერში  განაცხადა.

მისივე თქმით, ძნელად წარმოსადგენია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლოს, თუნდაც 30-პროცენტიანი ნდობის შენარჩუნება, გამომდინარე იმ რეპუტაციიდან, რომელიც კეზერაშვილს, მერაბიშვილს და ხაბეიშვილს აქვთ.

"კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა ადამიანებთან გვაქვს საქმე. კეზერაშვილი, რომელიც გახდა მულტიმილიონერი ქართული ჯარის და ბიზნესის რეკეტის, ძარცვის ხარჯზე. ეს არის მთავარი ლიდერი დღეს „ნაცმოძრაობაში“. ვანო მერაბიშვილი, რომელიც დღესაც გვეუბნება, ხელისუფლებაში თუ მოვლენ, მეორე ფრონტს გახსნიან. ესეც იყო 7 ნოემბრის, 26 მაისის, „იმედში“ შემოჭრის ავტორი. ერთი კორუმპირებული უბედური კაცი, რომელმაც ლაპარაკიც არ იცის. მისი ნებისმიერი გამოჩენა არის საჩუქარი ჩვენთვის. კეზერაშვილი არის ჩვენი ერთგვარი „სეკრეტ სანტა“, რომელმაც გვაჩუქა ვანო მერაბიშვილი და ლევან ხაბეიშვილი. დიდი მადლობა მას ამ ორი საჩუქრისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში. 

ირაკლი კობახიძემ ბოლო დღეებში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები შეაფასა და განაცხადა, რომ ბოლომდე გაიშიფრა ის ექსტრემისტული ხაზი, რომელიც მომზადებული იყო რევოლუციური გეგმებისთვის.

"შექმნილია, მათ შორის, ახალგაზრდული ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებიც დატრენინგებულები იყვნენ მოლოტოვის კოქტეილებისთვის, სხვა ძალადობრივი ქმედებებისთვის. ამაშიც დიდი რესურსი არ არის. ბოლომდე გავშიფრეთ, დღეს ზუსტად ვიცით, საჭიროების შემთხვევაში, რა ზომები უნდა იყოს მიღებული, რათა ეს რევოლუციური გეგმები ისე წარმატებით ჩაიშალოს, როგორც შარშან და ერთი კვირის წინ ჩაიშალა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, სახელმწიფო თავის რესურსს აჩვენებდა, როდესაც მომიტინგეების წინააღმდეგ მინიმალური ზომები, პროპორციული ძალა გამოიყენა, იმის მიუხედავად, რომ სამართალდამცველების წინააღმდეგ ძალიან უხეში, სრულიად არაევროპული ძალადობა იყო.

"ზუსტად იმ მომენტში გამოიხმო ხელისუფლებამ კანონპროექტი, როდესაც ყველას აჩვენა, რომ პროცესების მართვის შესაძლებლობა ჰქონდა. მიზეზი იყო ერთადერთი – მეორე მხრიდან არსებობდა მძიმე პროვოკაციების მოწყობის რისკი, რასაც შეიძლებოდა, რისკის ქვეშ დაეყენებინა თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ჩვენ ეს არ დავუშვით“, - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში