შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი საქართველოს ახალ ევროპულ დანიშნულებას სძენს - ილია დარჩიაშვილი

24 მარტი 2023, 19:14 602 ნახვა

საქართველო, ისევე, როგორც ჩვენი რეგიონი, დასავლეთის გაორმაგებული დაინტერესების საგანია იმ მნიშვნელოვანი ფუნქციით, რომელიც დაკავშირებულია ევროპის ენერგორესურსების, სატრანსპორტო მარშრუტების მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან და საქართველო, როგორც ამ პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილე, ასევე აქტიურად თანამშრომლობს ყველა პარტნიორთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, უკანასკნელ პერიოდში რეგიონში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა საგრძნობლად გაზარდა ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტების განახლებისა და სატრანსპორტო დერეფნების დივერსიფიცირების მნიშვნელობა. გამოიკვეთა აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, ე.წ. „შუა დერეფნის“ როლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ტვირთების შეუფერხებელი და ეფექტიანი ტრანსპორტირების კუთხით.

გამოსვლისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე, რომელიც მისი თქმით, „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი საქართველოს ახალ ევროპულ დანიშნულებას სძენს, მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს როლს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით“. მინისტრის განცხადებით, „პროექტის რეალიზაციის შედეგად საქართველო არა მხოლოდ საიმედო სატრანზიტო ქვეყანა, არამედ ქვეყანაში წარმოებული განახლებადი ენერგიის ექსპორტიორიც ხდება“. დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი ევროკავშირის მიერ აღიარებულია და შეტანილია ე.წ. „დაკავშირებადობის“ საფლაგმანო პროექტების ნუსხაში, რაც ასევე გულისხმობს ევროკავშირის ფინანსურ კონტრიბუციას პროექტის რეალიზაციის მიზნით.

როგორც მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სამინისტროს ცენტრალური აპარატი და საზღვარგარეთ აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური მისიები, ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში, ინტენსიურად მუშაობენ, რათა ხელი შეუწყონ ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების სრულად ათვისებას, საქართველოზე გამავალი უკვე არსებული და დაგეგმილი რეგიონული სატრანსპორტო დერეფნების, აგრეთვე სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებასა და პოპულარიზაციას.

სატრანსპორტო დერეფნების განვითარების კონტექსტში, საგარეო საქმეთა მინისტრი შეეხო მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებსაც.

„საქართველო მუდამ გვევლინებოდა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის/თანაცხოვრების მომხრედ და ეს კურსი მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მინისტრის თქმით, აღნიშნულ კონტექსტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა უმასპინძლოს დიალოგს ორ მეზობელ ქვეყანას შორის, მიმართულია ნდობის აღდგენისკენ და, ასევე, ნებისმიერი პრაქტიკული საკითხის გადაჭრისკენ.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში