მოვუწოდებ სააკაშვილის ოჯახს, შეუტანონ სათანადო კალორაჟის საკვები, თვითდაზიანება ვერ გახდება პატიმრის გათავისუფლების საფუძველი - კობახიძე

28 მარტი 2023, 14:53 383 ნახვა

თვითდაზიანება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება პატიმრის გათავისუფლების საფუძველი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიზანია, რომ დაიკლოს წონაში და ამიტომ შეაქვთ მისი ოჯახის წევრებს დაბალი კალორაჟის საკვები.

„მოვუწოდებ სააკაშვილის ოჯახს, შეიტანონ სათანადო კალორაჟის საკვები და არ წაახალისონ ის თვითდაზიანება, რომელსაც ახორციელებს მიხეილ სააკაშვილი. თვითდაზიანება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება პატიმრის გათავისუფლების საფუძველი“, - განაცხადა კობახიძემ. 

მისივე თქმით, სააკაშვილის ადვოკატები ვერ ბედავენ სარჩელის სტრასბურგში გაგზავნას, რადგან მანამდე რამდენიმე საქმე წააგეს.

"რატომ? იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლომ არაერთხელ გაამტყუნა სააკაშვილი, მისი რეჟიმი დანაშაულებში. მათ შორის, ერთ-ერთია დანაშაული, რომლისთვისაც ის იხდის დღეს სასჯელს. მეორე მხრივ, როდესაც „ნაციონალები“ უჩიოდნენ ხოლმე მოქმედ ხელისუფლებას, ისინი ასევე აგებდნენ ხოლმე სტანდარტულად საქმეებს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ სააკაშვილი და მისი ადვოკატები ვერ ბედავენ სტრასბურგში ამ სარჩელის წაღებას“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უბრალოდ ცინიზმია, როდესაც მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებების დარგში ენიჭება ჯილდო.

„ეს არის, რა თქმა უნდა, ცინიზმი. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ანიჭებს ამ ჯილდოს ახლა, EPP-ისთან არის დაკავშირებული თუ ვინმესთან არის დაკავშირებული ეს პარტია. როდესაც ნორვეგიაში ადამიანის უფლებების დარგში ენიჭება ჯილდო მიხეილ სააკაშვილს, ეს არის, უბრალოდ, ცინიზმი.

რაც შეეხება ბრეივიკთან შედარებას, ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის პრინციპული განსხვავება ერთადერთია. ბრეივიკმა შეიწირა 77 ადამიანის სიცოცხლე და სააკაშვილმა შეიწირა ასეულობით ადამიანის სიცოცხლე ციხეებში, აგვისტოში და ა.შ. ეს არის ერთადერთი პრინციპული განსხვავება ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში