ინფლაციის დონე უკვე ჩამოსცდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს, გვაქვს შემცირების ტენდენცია- ლევან დავითაშვილი

03 ივლისი 2023, 16:04 1656 ნახვა

ინფლაციის დონე უკვე ჩამოსცდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს, გვაქვს ინფლაციის შემცირების ტენდენცია, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

როგორც დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ამისი მიზეზია სწორი მონეტარული პოლიტიკის გატარება და მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები.

"უახლოესი ინფორმაცია, რომელიც ინფლაციაზე გამოაქვეყნა საქსტატმა, გვეუბნება, რომ საქართველოში, წინა თვესთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა ინფლაცია და წლიურმა ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის დონე უკვე ჩამოსცდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს. იცით, რომ ინფლაცია სამ პროცენტზე გვქონდა დაგეგმილი. წინა თვესთან შედარებით, ფასების დონე 0.7 პროცენტით შემცირდა და საქართველოში 2022 წლის მაისის შემდეგ ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს. ეს, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია სწორ მონეტარულ პოლიტიკასთან და იმ ნაბიჯებთან, რომლებიც მთავრობამ გადადგა. ეს ნაბიჯები უკავშირდებოდა მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც მთავრობა აწარმოებს და კონკურენციის მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომლებიც ბაზარზე კონკურენციის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. შესაბამისად, ეს აისახა ფასებზე. სურსათის, ნავთობის ფასები შემცირდა მსოფლიოშიც, საერთაშორისო ბაზრებზე. ზოგადად, საერთაშორისო ტენდენციაც მსგავსია, იმავე ევროზონაში ინფლაცია დაახლოებით 5.5 პროცენტია, თუმცა უფრო ნაკლებად ხდება ინფლაციის შემცირება სხვა ქვეყნებში. ბევრ ქვეყანაში ინფლაცია ჯერ კიდევ გამოწვევაა და ზოგიერთ ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი ორნიშნაა, მიუხედავად შემცირების ტენდენციისა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ პირველი აუქციონი 300 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე იყო გამოცხადებული, მაგრამ მთავრობა ასევე გეგმავს, ზაფხულში დამატებითი სიმძლავრის აუქციონი ჩაატაროს, რათა კერძო დეველოპერებს მიეცეთ მყარი საფასო გარანტიები ფინანსების მოსაზიდად და ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად.

ლევან დავითაშვილის თქმით, საუბარია დაახლოებით ორ მლრდ დოლარზე მეტ პოტენციურ ინვესტიციაზე ენერგეტიკულ სექტორში.

ბრიფინგზე ლევან დავითაშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება „გარდაბნის თბოსადგურ 3-ის“ პროექტზე, რომლის ფასთა გამოკითხვის პროცედურის შედეგად გამოვლინდება კერძო ინვესტორი, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-430 დადგმული მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის ენერგოეფექტურ თბოელექტროსადგურს ააშენებს. აუქციონის პირობებით, საქართველოში უდიდესი თბოელექტროსადგური ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხი წლის ვადაში უნდა აშენდეს და გაეშვას ექსპლუატაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში