საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს მხარი დაუჭირა, რომელიც სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
მისი განცხადებით: 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,0%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს; მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 4,1%-ს შეადგენს, ხოლო მომდევნო წლებში აღნიშნული მაჩვენებელი 3,0%-ია; საშუალო ინფლაციის პროგნოზი 3,3%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია - 3%; ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 114,1 მილიარდი ლარის ოდენობით, ხოლო 2029 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა -145,5 მილიარდ ლარამდე.
როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 27,04 მილიარდი ლარია, რაც პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით 240,0 მილიონი ლარით მეტია. ბიუჯეტის დეფიციტი შენარჩუნებული მშპ-ის 2,5%-ს დონეზე, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მცირდება მშპ-ის 33,5%-მდე.
მისივე თქმით, აღნიშნული მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 36,3 მილიარდ ლარამდეა.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, 2026 წელს საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი გადასახადების სახეების მიხედვით შემდეგია:
გიორგი კაკაურიძის თქმით, გარკვეული ცვლილებებია სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც შემოსავლებში, ასევე ხარჯვით ნაწილში.
კერძოდ, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი გაზრდილია 468,6 მილიონი ლარით და განისაზღვრება 30 759,4 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა გაზრდილია 405,5 მილიონი ლარით და 30 881,4 მილიონი ლარია.
პროექტის თანახმად: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები გაზრდილია 47,9 მილიონი ლარით და განისაზღვრა 9 668,6 მილიონი ლარის ოდენობით; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 2 702,2 მილიონი ლარია, რაც პროექტის წინა ვერსიით განსაზღვრულ თანხას 89,6 მილიონი ლარით აღემატება; კულტურის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 42,3 მილიონი ლარით და ჯამში, 364,8 მილიონი ლარია; სპორტის სამინისტროს დაფინანსებაზე დამატებით გამოყოფილია 29,9 მილიონი ლარი და 325,3 მილიონ ლარს შეადგენს; ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 16,8 მილიონი ლარით და 3 113,7 მილიონი ლარია.
