სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისართან ეკონომიკის საკითხებში, პაოლო ჯენტილონისთან.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი განიხილეს. მინისტრმა ევროკომისარს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების და მიღწეული შედეგების შესახებ.
უწყების ინფორმაციით, ხაზი გაესვა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას და მის მნიშვნელობას საქართველოს და ქვეყნის ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის.