ჰამასზე ისრაელის შურისძიების აქტი გრძელდება

09 ოქტომბერი 2023, 12:08 432 ნახვა

ისრაელის სამხრეთში ღაზის სექტორთან ახლოს ჰამასის ბოევიკებთან 7-8  ობიექტზე  შეიარაღებული დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.  მათ შორისაა კიბუცი ბეერი, სადაც შაბათს დილით ჰამასის ბოევიკები შეიჭრნენ. ბევრი ბოევიკი ლიკვიდირებულია, ბევრიც სახლებში იმალება.

ისრაელის თავდაცვის  არმიის  განცხადებით,  ღაზის სექტორში მისი საჰაერო დარტყმების და საარტილერიო ცეცხლის შედეგად  მთელი ღამის განმავლობაში 500-ზე მეტი სამიზნეა განადგურებული,  რომელიც ჰამასის დაჯგუფებას და ისლამურ  ჯიჰადს  ეკუთვნოდა. 

განცხადების თანახმად,  ავიაგამანადგურებლებმა, ვერტმფრენებმა და არტილერიამ  დარტყმები მიიტანეს  653 ტერორისტულ ობიექტზე, ჰამასის 7 სამეთაურო ცენტრსა და ისლამური ჯიჰადის სამეთაურო ცენტრზე.  პალესტინის ჯანდაცვის წარმომადგენლების მონაცემებით,  ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმების შემდეგ დაიღუპა 413  და დაშავდა 2 ათას 300 ადამიანი.

ისრაელის არმიის მონაცემებით,  შაბათს დილას  ჰამასის მებრძოლების თავდასხმებმა 700-ზე მეტი ისრაელელი იმსხვერპლა,  დაშავებულია 2 ათას 150 ადამიანი.  ასევე ისრაელი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ღაზის სექტორზე  3 ათას 284 რაკეტა გაუშვეს, ჰამასი კი   5 ათასზე მეტი რაკეტის გაშვების შესახებ იუწყება. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში