ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმე

13 ნოემბერი 2023, 17:56 688 ნახვა

გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, მთავარი ბრალდებულის ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის საქმე ცალკე წარმოებად გამოეყო. პროკურორის განმარტებით, სასამართლოს არ აქვს ბაჟუნაიშვილის მკაფიო პოზიციის შესახებ ინფორმაცია, სურს თუ არა მას მონაწილეობა საქმის არსებითად განხილვაში. ასევე გამოძიებას ეჭვი აქვს, რომ შესაძლოა ბრალდებულმა ექსტრადიციაზე უარი თქვას, რის გამოც 9 თვიან საპატიმრო ვადას ექმნება საფრთხე. შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე და აცხადებდა, რომ საქმის ცალკე გამოყოფის საფუძველი არ არსებობდა. სასამართლოს ბრალდებულმა წერილობით მხოლოდ ის აცნობა, რომ მხოლოდ იცის არ სურს მისი საქმე ნაფიც მსაჯულებმა განიხილონ. საქმის მთავარ ბრალდებულს ალექსანდრე ბაჟუნაიშვილს პროკურატურა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. ხოლო მის ორ ბიძას განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობას. ერთ-ერთი ბიძა სასულიერო პირია და ის გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. პასუხისგებაშია მიცემული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მამაც. გამოძიების ინფორმაციით, ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ ქვეყანა დატოვა და ის ლონდონში რამდენიმე თვის შემდეგ დააკავეს. ამ ეტაპზე საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში