მაღალია ალბათობა, რომ არჩევნებამდე ერთი-ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში - ირაკლი კობახიძე

05 დეკემბერი 2023, 16:50 365 ნახვა

მაღალია ალბათობა, რომ არჩევნებამდე ერთი-ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ყველამ კარგად იცის, როგორია მისი რეიტინგი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„დღევანდელი სურათი სწორედ ამ ლოგიკას გვკარნახობს. ძალიან მაღალია ალბათობა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი-ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ყველამ კარგად იცის, სინამდვილეში როგორია ამ ადამიანის რეიტინგი, შესაბამისად, რა შანსი აქვს, რაიმე წვლილი შეიტანოს წინასაარჩევნოდ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გაძლიერებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით,  კეზერაშვილი მიზანმიმართულად აფინანსებს "ნაციონალური მოძრაობის" დაშლას.

„არის ასეთი გეგმა, რომ „ნაცმოძრაობა“ ქვევით დაწიონ, რათა სხვა პოლიტიკური ძალა წამოწიონ წინ. სწორედ ამას უკავშირდება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ისეთი ოდიოზური ფიგურის არჩევა, როგორიც არის ხაბეიშვილი. დანარჩენი პროცესები, რომლებიც დაკავშირებულია პარტიის დაშლასთან, მიზანმიმართული პროცესია, რომლის მიზანია, დაბლა დაწიონ პარტია „ნაცმოძრაობა“, რათა გააძლიერონ „ნაცმოძრაობის“ სხვა ფრთა, რომელსაც არ ჰქვია „ნაცმოძრაობა“. ძირითადად, ეს არის ბლოკი, რაზეც გვქონდა საუბარი. აქ შედიან სალომე ზურაბიშვილი, ნინო ლომჯარია, ხაზარაძე, გახარია, სავარაუდო ერთობა ასე გამოიყურება, თუმცა პროცესი განწირულია წარუმატებლობისთვის.

„ნაცმოძრაობა“ არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომელი პარტიებისგან შედგება. ამიტომ შესაკრებთა გადანაცვლებით, საბოლოო ჯამში, ვერაფერი შეიცვლება. ვერ შეიცვლება ის ჯამი, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია. კეზერაშვილი არის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, იქიდან გამომდინარე, რომ ის აფინანსებს „ნაცმოძრაობას“. ნაცვლად იმისა, რომ დააფინანსოს პარტიის გაძლიერება, სინამდვილეში, მიზანმიმართულად აფინანსებს პარტიის დაშლას, ამ კუთხით ის ასრულებს, უბრალოდ, დავალებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში