რადიკალური ოპოზიციის მცდელობები, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია რუსეთის გაგრძელებად წარმოაჩინონ არასწორი და დასაგმობია - შალვა პაპუაშვილი

16 იანვარი 2024, 11:34 359 ნახვა

რადიკალების შეტევები ეკლესიაზე თითქოსდა „ევროპული“, „ლიბერალური“ და „დასავლური“ კვარცხლბეკიდან არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად ლიბერალიზმისა და დასავლეთის იდეას აზიანებს - ამის შესახებ, განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„რადიკალურმა ოპოზიციამ ახლახან „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახალი შეტევა წამოიწყო, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შეურაცხყოფასთან ერთად, კვლავ მითიური „პრორუსულობა“ დაგვაბრალა. ეს „რუსული“ არგუმენტი ჩვენს უსიცოცხლო ოპოზიციას უკვე ისე შემოაცვდა ხელში, რომ მათთვის სრულიად გამოუსადეგარი გახდა. და მაინც, ბოლო დროს მომხდარი მოვლენების ფონზე, საჭიროა, რომ ნათელი მოვფინოთ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობების ზოგიერთ ასპექტს." - წერს პაპუაშვილი.

მისი  თქმით, რადიკალური ოპოზიციის მცდელობები, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია რუსეთის გაგრძელებად წარმოაჩინონ, ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

"ეკლესიაზე თავდასხმა არა მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ კონტრპროდუქტიული და ქვეყნისთვის დამაზიანებელიც. ამ სტატიის მიზანი იმის ჩვენებაა, რომ მსგავსი მტრული შეტევები ეკლესიაზე არა გულწრფელად გზააბნეული ადამიანებისგან მომდინარეობს, არამედ შეთანხმებული, ბოროტგანზრახული კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანია იმ სიმბოლოებისა და ღირებულებების დამცირება, რომელთა გარშემოც ისტორიულად ერთიანდებოდნენ ქართველები. ამ ადამიანების მტრული რიტორიკა გულისხმობს, რომ ეროვნული და რელიგიური ღირებულებები შეუთავსებელია დასავლურ, ევროპულ ღირებულებებთან. ჭეშმარიტება კი ისაა, რომ ქართული და ევროპული ღირებულებები ერთმანეთის შემავსებელი და განმამტკიცებელიც კია.

 

რადიკალური ოპოზიციის, მათ კერძო სარგებლობაში არსებული პოლიტიკური მედიასაშუალებებისა და სატელიტი „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების“ მიერ ეკლესიაზე მიტანილი ბოლო იერიში, კერძოდ კი შერჩეული დრო, განსაკუთრებულად ცინიკური აღმოჩნდა. შობის დღესასწაულზე, სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ამჟამად თავს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტად წარმოაჩენს, გაავრცელა ვიდეოჩანაწერი საკათედრო ტაძრიდან, სადაც მან, მისივე თქმით, „სტალინის ხატი“ აღმოაჩინა. როგორც შემდგომში გაირკვა, ჩანაწერი არა „სტალინის ხატს“, არამედ წმინდა მატრონას ხატის მცირე ჩანართს აჩვენებდა, რომელზეც ამ უკანასკნელის სტალინთან მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სავარაუდო შეხვედრა იყო ასახული. ეკლესიამ გადაწყვიტა შეეცვალა ჩანართი, არა იმიტომ, რომ ხატზე ტირანის გამოსახვა არაკანონიკური იყო, არამედ იმიტომ, რომ ზემოთ აღწერილი შეხვედრა, დიდი ალბათობით, ისტორიულ სინამდვილეს არ ასახავდა. ამასობაში, ჩანაწერი ვირუსულად გავრცელდა და საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია. მომდევნო დღეებში მეორე პოლიტიკურმა აქტივისტმა ხატს საღებავი შეასხა, რითაც საზოგადოება აღაშფოთა.


ხატებზე ტირანების გამოსახვა ქრისტიანობაში დაშვებულია. უბისის ტაძარში ქრისტიანების ერთ-ერთი ყველაზე მძვინვარე მდევნელი, იმპერატორი დიოკლეტიანე სამეფო დიდებულებითაა გამოსახული, რომელიც წმინდა გიორგის ესაუბრება. დასავლეთ ევროპის ტაძრების ფრესკები მოწმობს, რომ ამგვარი პასაჟები არც დასავლური ქრისტიანობისთვისაა უცხო. ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ვაჩვენოთ ოპონენტების ნამდვილი განზრახვა. ოპოზიციის მიერ კონტროლირებულ მედიაში ატეხილი ხმაურიანი კამპანია ხატის ფრაგმენტს ქრისტიანულ ხატწერაში მიღებული ჩანართის ნაცვლად, „სტალინის ხატად“ წარმოაჩენდა და ამით უფრო ამწვავებდა დეზინფორმაციის მათთვის სასურველ ეფექტს." - აცხადებს პაპუაშვლი.

მისივე განცხადებით, ეკლესიაზე იერიშის პარალელური ხაზი შობის 7 იანვარს აღნიშვნას შეეხებოდა (რომელიც 25 დეკემბერია იულიანური კალენდრით, რომელსაც ქართული ეკლესია აღიარებს). ოპოზიციამ ეს საეკლესიო კანონიკური საკითხი იარაღად გამოიყენა და შობის აღნიშვნას „რუსული შობა“ უწოდა.

"სინამდვილე კი ისაა, რომ შობის იულიანური კალენდრით აღნიშვნა ქართული ტრადიციაა, რომელსაც არც რუსეთთან აქვს რაიმე საერთო და არც რუსულ ეკლესიასთან. ეს ტრადიცია არსებობდა დიდი ხნით ადრე, ვიდრე რუსეთი გაქრისტიანდებოდა. საინტერესოა, რომ დასავლური და აღმოსავლური ეკლესიები აღდგომასაც სხვადასხვა თარიღით აღნიშნავენ, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია და მასთან აფილირებული აქტივისტები, ამას, რატომღაც, არ აპროტესტებენ. ეს ორი საკითხი რადიკალებმა გამოიყენეს, რათა თავს დასხმოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქს. ამ მტრული კამპანიით ოპოზიცია და მასთან აფილირებული ადამიანები ცდილობდნენ პატრიარქი, ეკლესია და ხელისუფლება რუსეთთან დაეკავშირებინა"- წერს პაპუაშვილი.

პაპუაშვილი წერს, რომ „ქართული ოცნება“ ქართული ეკლესიის ღირებულებებს იზიარებს, თუმცა საერო ხელისუფლება და ეკლესია ერთმანეთისგან გამიჯნულია. ქრისტიანულ ღირებულებებს, რომლებმაც სამ ათწლეულზე მეტი ხნის წინ საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანა, ახლა ჩვენი ისტორიის ახალი დიდი ეტაპისკენ, ევროკავშირის წევრობისაკენ მივყავართ. რადიკალების ცილისმწამებლური კამპანიის ნამდვილი მიზანი არა ეკლესიაზე გულწრფელი ზრუნვა, არამედ ეკლესიისა და ხელისუფლების დაზიანება და ჩვენი საერთო ისტორიული ძალისხმევისთვის ხელის შეშლაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში