დონორებს მოვუწოდებ, ნახონ ის მტრული რიტორიკა, რომელიც ზოგიერთ „ენჯეოს“ აქვს საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ - პაპუაშვილი

19 იანვარი 2024, 10:52 316 ნახვა

დღეს ყველაზე დიდი ხუთი „ენჯეო“, რომლებსაც ელიტურ „ენჯეოებს“ ვეძახით ხოლმე და რომლებსაც, ფაქტობრივად, მონოპოლიზებული აქვთ საგრანტო დაფინანსება, რეალურად, პოლიტიკური პარტიებივით იქცევიან და რეგისტრირებული რომ იყვნენ პოლიტიკურ პარტიებად, თავისი ბიუჯეტით ყველაზე მდიდარი პოლიტიკური პარტიები იქნებოდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.

„მათ შორის, რიგ შემთხვევაში შეიძლება, „ქართულ ოცნებაზე“ მეტი ბიუჯეტიც ჰქონოდათ, მაგრამ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ გარანტირებულად იქნებოდა ეს ხუთი „ენჯეო“ და შემდეგ პატარ-პატარა პარტიები. საუბარია ცნობილ დიდ „ენჯეოებზე“ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და ასე შემდეგ, რომლებსაც წლიური ბიუჯეტი აქვთ სამი-ოთხი მილიონი ლარი. ამის საპირწონედ რომ აიღოთ, მაგალითად, „რესპუბლიკური პარტია“, მისი წლიური ბიუჯეტი არის 200 000 ლარი და რა თქმა უნდა, შემდეგ ასეთ პარტიებზე დომინირებს, მათ შორის, ასეთი „ენჯეო“.

 

ასეთი „ენჯეოები“ მერე თავის თავს უფლებას აძლევენ და რაც შემდეგ თავადაც აღიარეს, სახალხო დამცველის არჩევის დროს პატარა პარტიების წარმომადგენლებზე მიდიოდა პირდაპირ ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომ მხარი არ დაეჭირათ ლევან იოსელიანისთვის. რატომ აძლევენ თავს ამის უფლებას ეს „ენჯეოები“? იმიტომ, რომ მათ აქვთ ფინანსური რესურსები, აქვთ მხარდაჭერა და იციან, რომ შეუძლიათ პარტიებზე ზემოქმედება. აქედან გამომდინარე, თავს უფლებას აძლევენ, პოლიტიკოსებზე, თავისუფალი მანდატის მქონე დეპუტატებზე მოახდინონ ზეგავლენა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, სამების ტაძარში მომხდარი ინციდენტის პარალელურად, ვითარდებოდა ხაზი შობის დღესთან, თარიღთან დაკავშირებით და აქ „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია აბსოლუტურად ანტიევროპულ მინდორზე შევიდა.

„მათ, ფაქტობრივად, დააპირისპირეს ეს ორი თარიღი ასე, რომ 25 დეკემბერი ეს არის ევროპა, 7 იანვარი კი თითქოს არის რუსეთი. აქედან ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოებაც გამოაცხადონ რუსულ სარწმუნოებად. ამას სერიოზულად უნდა შეხედოს საზოგადოებამ. ფაქტობრივად, გაუგონარი რაღაც ხდებოდა. რეალურად, მილიონობით მორწმუნეს, თქვენ, მე და სხვებს გვითხრეს, რომ 7 იანვარს აღვნიშნავთ რუსულ დღესასწაულს. სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ ამას კანდელაკი და სხვა ოპოზიციონერები ამბობდნენ, მათ შორის, ეს განცხადება გააკეთა ბატონმა ბექა მინდიაშვილმა, რომელიც არის სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი.

 

ამიტომ მე სახალხო დამცველსაც, მინდა, მივმართო, როდესაც ტოლერანტობის ცენტრს ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელმაც საჯაროდ განაცხადა ეს ანტიდასავლური სიბრიყვე, ხუშტური და ბოღმა, როგორ იღებს ამას, მათ შორის ლევან იოსელიანი, როგორც ქრისტიანი ადამიანი? მასაც იგივე შეურაცხყოფა მიაყენა, როგორც თქვენ, მე და მილიონობით ქართველ მორწმუნეს, როდესაც გვითხრა, რომ 7 იანვარს აღვნიშნავთ არა ქრისტეშობას, არამედ ფაშისტურ რაღაც დღესასწაულს, რომელიც არის ანტიდასავლური სიბრიყვე. ის, სიტყვასიტყვით ამას ამბობდა და ამას გვეუბნება ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, გიორგი კანდელაკი თავს წარმოაჩენს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც თავის მხრივ გამოირჩევა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში