დააკავეს პირი, რომელიც პოლიციელებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა - შსს

09 აპრილი 2024, 11:42 194 ნახვა

მიმდინარე წლის 8 აპრილს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც გზის სავალი ნაწილის გვერდულზე შენიშნეს ავტომობილი, რომლის მძღოლმაც პოლიციის ეკიპაჟის დანახვისას დაძრა ავტომობილი, შეეჯახა სავალი ნაწილის გვერდულს და სცადა მიმალვა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებით, პატრულ-ინსპექტორებმა არაერთხელ მოუწოდეს ავტომობილის მძღოლს დამორჩილებოდა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. მიუხედავად პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, რომ აღნიშნულ პიროვნებას შეენარჩუნებინა სიმშვიდე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი იქცეოდა აგრესიულად.

მათივე ინფორმაციით, მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, ცივი იარაღის დემონსტრირებით, პატრულ-ინსპექტორებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ასევე, მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე მყოფ ერთ-ერთ პოლიციელს.

უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული პირი, რომელიც სხვადასხვა დანაშაულისთვის არაერთხელაა ნასამართლევი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იქნა დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში