სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, როდესაც ადგილი აქვს თავდასხმას სამართალდამცველებსა და სახელმწიფო ორგანოებზე - პაატა სალია

11 დეკემბერი 2025, 16:36 122 ნახვა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.

მინისტრის განმარტებით ყველაზე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, ძალადობრივი აქციისას გამოიყენოს სპეციალური საშუალებები:

„პირველი და ყველაზე მთავარი არის ის, რომ სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფოს უფლება, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, როდესაც ადგილი აქვს თავდასხმას სამართალდამცველებსა და სახელმწიფო ორგანოებზე, ეს იქნა ცალსახად ხაზგასმული და ამ შემთხვევაში დადასტურდა სახელმწიფოს სრული ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები“, - აღნიშნა სალიამ.

პაატა სალიას განცხადებით, გადაწყვეტილებაში საუბარია გარკვეული ხარვეზების არსებობის შესახებაც გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, კერძოდ, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ გარკვეულ შემთხვევებში აქციის დაშლისას ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აქტიურად თანამშრომლობდა სასამართლოსთან ამ გარემოებების დადგენის თვალსაზრისით. ამ გარემოებას ხაზს უსვამს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც.

„მოგეხსენებათ, რომ თავად საქართველოს პროკურატურამ ჯერ კიდევ 2024 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდგომ ამ მიმართულებით სწორად გაააქტიურა გამოძიება და გამოკვეთა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობა, რისი შედეგიც იყო 2025 წლის 12 ნოემბერს ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა სწორედ ის გარემოებები, რაზეც უკვე ჩვენმა პროკურატურამ იმუშავა... სასამართლოს მიერ გამოკვეთილი გარემოებები გათვალისწინებული იქნება მიმდინარე გამოძიების ფარგლებშიც“, - განაცხადა მან.

პაატა სალიას შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებამ წერტილი დაუსვა სპეკულაციებს, თითქოს გიორგი გახარიას მიმართ ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ დევნას:

„ვფიქრობ, ამით წერტილი დაესვა იმ პოლიტიკურ განცხადებებს, რაც ეხებოდა თითქოს ბატონი გახარიას მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას ხელისუფლების მხრიდან. ამის შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი კითხვა აღარ უნდა არსებობდეს. სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა ხელმძღვანელი პირების მხრიდან გარკვეულ შემთხვევებში დემონსტრაციის დაშლისას ძალის გადამეტებას“, - განმარტა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი