საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ - ბიძინა ივანიშვილი

29 აპრილი 2024, 21:37 302 ნახვა

საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა რუსთაველის გამზირზე, საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველომ 33 წლის წინ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, თუმცა თითოეულ ფეხის ნაბიჯზე კარგად უნდა გვახსოვდეს მერაბ კოსტავას შეგონება.

"მივესალმები ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ერის ღირსეულ შვილებს. ყველას მინდა მოგილოცოთ ბზობა და წინასწარ მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. საქართველომ 33 წლის წინ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. თუმცა, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მერაბ კოსტავა გვაფრთხილებდა: „დაიმახსოვრეთ, თქვენ მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება, მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“. მერაბ კოსტავას ეს შეგონება თითოეულ ფეხის ნაბიჯზე კარგად უნდა გვახსოვდეს. საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, არადემოკრატიული წესით, გარედან დანიშნული ადამიანების მმართველობამ მკაფიოდ დაგვანახა, თუ რამდენად მძიმეა თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაკარგვის გარდაუვალი შედეგი.

ივანიშვილის განცხადებით, რეჟიმს ჰქონდა მწვანე შუქი ყოველგვარ უმსგავსობაზე იმ უცხოელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც დღეს სააკაშვილს, გვარამიას და კეზერაშვილს უმანკო კრავებად გვიცხადებენ და არსებული ხელისუფლების დასჯას ითხოვენ. ამ უცხოელებს დღეს ამოძრავებთ სურვილი, საქართველოში იგივე ადამიანების არაჰუმანური და სადისტური დიქტატურა დაგვიბრუნონ, რასაც არაფრის ფასად არ დავუშვებთ.

„2004-12 წლებში ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი წლები, როდესაც ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი, უცხოური აგენტურა მართავდა. შეგახსენებთ, რომ ეს ადამიანები – სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ადეიშვილი, გვარამია, კეზერაშვილი და სხვები – საქართველოს ხელისუფლების ლიდერებად „ენჯეოების“ ხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ დაინიშნენ. არადემოკრატიული წესით, გარედან დანიშნული ადამიანების მმართველობამ მკაფიოდ დაგვანახა, თუ რამდენად მძიმეა თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაკარგვის გარდაუვალი შედეგი. სისხლიანმა რეჟიმმა გადაავსო ციხეები, აწამა პატიმრები, შეიწირა ასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე, დააყაჩაღა ათასობით ბიზნესმენი, გააყალბა არაერთი არჩევნები, მიიტაცა მედია, დაკარგა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი.

ბევრს ჰგონია, რომ ამ დანაშაულების მთავარი მიზეზი სააკაშვილის და მისი თანამზრახველების არაჰუმანური, სადისტური და არაპატრიოტული ბუნება იყო. თუმცა, სინამდვილეში, ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებდნენ, გარედან, მათი პატრონებისგან იყო დაკვეთილი და მართული. სწორედ ამიტომ იყო, რომ რეჟიმს ჰქონდა მწვანე შუქი ყოველგვარ უმსგავსობაზე იმ უცხოელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც დღეს სააკაშვილს, გვარამიას და კეზერაშვილს უმანკო კრავებად გვიცხადებენ და არსებული ხელისუფლების დასჯას ითხოვენ. ამ უცხოელებს დღეს ამოძრავებთ სურვილი, საქართველოში იგივე ადამიანების არაჰუმანური და სადისტური დიქტატურა დაგვიბრუნონ, რასაც არაფრის ფასად არ დავუშვებთ. როდესაც მწვანე შუქზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ რეჟიმის სადიზმი „ენჯეოებისგანაც“ სრული მხარდაჭერით სარგებლობდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში