საქართველოს მთავრობამ, საზოგადოებამ და პარტნიორებმა ნდობა უნდა გამოუცხადონ ჩვენს სასამართლოს, როცა საქმე შეეხება „ნაცმოძრაობის“ აკრძალვას - შალვა პაპუაშვილი

01 ოქტომბერი 2024, 11:32 234 ნახვა

დავპირდით ამომრჩეველს, რომ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ. დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული ანალოგიების მიუხედავად, ჩვენი ეს განზრახვა უცხოელმა პარტნიორებმა ფართოდ გააკრიტიკეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, ამგვარი პრეცედენტები არსებობს დემოკრატიულ საზოგადოებებში და მოსახლეობის მხარდაჭერითაც სარგებლობს.

„გერმანიის წამყვანი პარტიების ინიციატივა, აკრძალონ პოლიტიკური პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“, რომელიც ხალხის მხარდაჭერით მეორეა, კარგად ასახავს პოლიტიკური მიკერძოების, შეიძლება ითქვას, ფარისევლობის იმ მასშტაბს, რომლითაც ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი დასავლეთის ქვეყნებში, გერმანიის ჩათვლით, საქართველოს მთავრობას ეპყრობა. გერმანელმა სოციალ-დემოკრატებმა და მწვანეებმა, ზოგიერთ თანამოაზრე ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, გადაწყვიტეს მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს თხოვნით, აიკრძალოს „ალტერნატივა“ იმის საფუძველზე, რომ ეს პარტია ძირს უთხრის გერმანიის თავისუფალ დემოკრატიულ წესრიგს. მსგავსი რამ სულაც არ არის უჩვეულო სხვა ქვეყნებისთვისაც.

 

რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 37 ევროპული დემოკრატიიდან 20-მა ქვეყანამ 50 პარტიაზე მეტი აკრძალა 1945-2015 წლებში. უკრაინამ რამდენიმე წლის წინ კომუნისტური პარტია აკრძალა, ახლახანს კი დაშალა პარტიები, რომლებიც უკრაინის დემოკრატიას, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრებოდნენ. მოლდოვამ, კიდევ ერთმა აღმოსავლეთ ევროპულმა ქვეყანამ, ასევე აკრძალა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის მოახლოებული საფრთხის გამო“. ჩვენ დავპირდით ამომრჩეველს, რომ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ. დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული ანალოგიების მიუხედავად, ჩვენი ეს განზრახვა უცხოელმა პარტნიორებმა ფართოდ გააკრიტიკეს. ეს ხდება იმის ფონზე, რომ ჩვენი სამართლებრივი ინციატივა სრულად შეესაბამება კანონმდებლობას, გააჩნია პრეცედენტები დემოკრატიულ საზოგადოებებში და მოსახლეობის მხარდაჭერითაც სარგებლობს.

 

სამართლებრივი პროცედურის დაწყება იმგვარი პოლიტიკური პარტიის ასაკრძალად, რომელიც კონსტიტუციას არღვევს, ნორმალური პროცესია ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამიტომაც, ეს ინიციატივა სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ და არ გავიგოთ, როგორც კლიშედ ქცეული „დემოკრატიიდან უკანდახევა“ და „გადახვევა“, ტერმინები, რომლებსაც ჩვენი უცხოელი ოპონენტები გულუხვად იმეტებენ ქართულ პოლიტიკაზე საუბრისას. ეს შემთხვევა კიდევ უფრო პარადოქსულია, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ გერმანული „ალტერნატივა“ არასოდეს ყოფილა ხელისუფლებაში. ლოგიკურად, მათი ერთადერთი სავარაუდო დანაშაული მათი რიტორიკა ან გეგმებია. მაშინ, როდესაც, საქართველოს შემთხვევაში, ენმ, მთელი ცხრა წლის განმავლობაში, ცნობილი იყო ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევით. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მაგალითად, დაადგინა, „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეში, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადგილი ჰქონდა „სისტემურ ძალადობასა და წამებას“, ანუ წინასწარი განზრახვით, შეგნებულად იყო შექმნილი სტრუქტურა ჩაგვრისა და დაშინებისათვის, მასობრივი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით. ამგვარი მძიმე დანაშაულებისთვის ნაცმოძარობის 40-მდე მაღალი თანამდებობის პირი გასამართლდა, მათ შორის თავად ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, 1 ყოფილი პრემიერ-მინისტრი და 5 ყოფილი მინისტრი.

 

მეტიც, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც კი, ენმ გამუდმებით იმუქრება, რომ ამ ძალადობას კვლავ განაახლებს ოპონენტების მიმართ, თუ ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდება. როგორც ოპოზიციური პარტია, ენმ-მ სახელი გაითქვა, როგორც რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც გამუდმებით მოუწოდებს ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობისაკენ, თანაც არალეგიტიმური საშუალებებით და უარს ამბობს, აღიაროს ყოველი არჩევნების შედეგები 2012 წლიდან მოყოლებული. ამასთან ერთად, მისი წევრები მუდმივად აფრქვევენ ყველაზე ტოქსიკურ და მაპოლარიზებელ პოლიტიკურ რიტორიკას, დანარჩენ რადიკალურ პარტიებთან შედარებითაც კი. საქართველოს კონსტიტუცია მკაფიო კრიტერიუმებს აწესებს პოლიტიკური პარტიის ასაკრძალად. კონსტიტუციაში ნათლადაა ნათქვამი, რომ „დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

პაპუაშვილის თქმით, არჩევნების მოგების შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი „ნაციონალური მოძრაობის'' ასაკრძალად სამართლებრივი პროცედურის დაწყება იქნება.

„როგორც ხალხს შევპირდით, არჩევნების მოგების შემდეგ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი „ნაციონალური მოძრაობის ასაკრძალად სამართლებრივი პროცედურის დაწყება იქნება. ჩვენი კონსტიტუცია მკაფიო მითითებებს იძლევა ამ თვალსაზრისით: „პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“. როგორც ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში, ჩვენს პარტიასაც აქვს კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, წამოიწყოს ეს სამართლებრივი დავა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს ხელშია. საქართველოს სასამართლომ არაერთხელ დაადასტურა, რომ იგი კეთილსინდისიერი, პროფესიონალური და ობიექტურია.

ეს დადასტურდა ბევრი ისეთი საქმის მაგალითზე, რომლებიც ჩვენმა ოპონენტებმა საკამათოდ გახადეს (მაგ. რუსთავი 2-ის, სააკაშვილის, გვარამიას, ახალაიას, მელიას და სხვა საქმეები). მართალია, ქართველ მოსამართლეებს ცილი დასწამეს, რომ პოლიტიკურად მიკერძოებულნი იყვნენ, მაგრამ სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ ყველა ამ საკამათო შემთხვევაში ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება დაადასტურა. უცხოეული პარტნიორების მიმართ ჩემი მოწოდება იქნებოდა, ფრთხილად მოიქცნენ ქართულ მართლმსაჯულებასთან დამოკიდებულებაში, რათა არ შეიქმნას აღქმა, რომ ისინი მართლმსაჯულებაში და, ამგვარად, დემოკრატიულ პროცესშიც ერევიან. ამიტომაც, საქართველოს მთავრობამ, ჩვენმა საზოგადოებამ და უცხოელმა პარტნიორებმა ნდობა უნდა გამოუცხადონ ჩვენს სასამართლოს, როცა საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას შეეხება, რაც, ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენი პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღების დასაწყისი გახდება“, – წერს პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი