ვნახეთ პოლიტიკური ქმედებების სრული კრახი და შეცდომების მთელი წყება - გიორგი მარგველაშვილი

14 მაისი 2018, 00:00 2176 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერციებთან დაკავშირებით დღეს პირველი კომენტარი გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკურ კრახზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბევრი კითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელია.

„ამ დღეების გამავლობაში, ჩვენ ვნახეთ როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი და შეცდომების მთელი წყება, რომელიც დაიწყო რეიდით თუ სპეცოპერაციით და შემდეგაც გრძელდებოდა. რანაირად შეიძლება მოვახერხოთ, რომ რამდენიმე საათში სამოქალაქო დაპირისპირების ასეთ ზენიტამდე მივიდეთ, დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება’’ - ამბობს მარგველაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა კინაღამ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე აღმოჩნდა.

‘’ბუნებრივია, ამ კითხვის ნიშნებს სჭირდება ძალიან პირდაპირი პასუხები. რანაირად შეიძლება რამდენიმე საათში მოვახერხოთ, მივიდეთ იმ წერტილამდე, რომ კინაღამ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე აღმოვჩნდით. შესაბამისად, ჩვენი მიზანი იყო და რჩება შევინარჩუნოთ ერთდროულად გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, ამავე დროს, მოვახერხოთ და წესრიგი იყოს შენარჩუნებული როგორც დედაქალაქის ქუჩებში, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სამართალდამცველებს მძიმე სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„გუშინდელი საღამოს ვითარებისთვის მე მადლობა მინდა სპეციფიურად ვუთხრა პატრულის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც იქ იდგნენ და თავის მისიას ასრულებდნენ – არ მომხდარიყო დაპირისპირება ორ აქციას შორის. მადლობა ვუთხრა იმ მძიმე სამუშაოსთვის, რომელიც მათ ევალებოდათ და შეასრულეს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია 12 მაისიდან მიმდინარეობდა. ისინი ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებდნენ.

აქცია გუშინ ღამით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მიმართვის შემდეგ დაიშალა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში