იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლის შესარჩევი კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა, თუმცა საქალაქო სასამართლოში მის უვადოდ გამწესებაზე იმსჯელებენ.
ამის გარდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამმა წევრმა ვასილ მშვენიერაძემ, ირაკლი ბონდარენკომ და რევაზ ნადარაიამ კანდიდატურები მოხსნეს.11 მაისიდან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი დაიწყო. ამ დღიდან მოსამართლეობის მსურველებს შეუძლიათ იუსტიციის საბჭოს განაცხადი ელექტრონულად წარუდგინონ.
კონსტიტუციის ახალი რედაქციით უზენაესი სასამართლო 28 მოსამართლით უნდა დაკომპლექტდეს და ისინი იუსტიციის საბჭომ უნდა წარადგინოს. გარკვეული პროცედურების შემდეგ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და სწორედ კანონმდებლები გადაწყვეტენ გახდება თუ არა ესა თუ ის კანდიდატი უვადოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.