ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე, შსს-მ საქმე ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა. ადგილობრივების ვერსიით, ბინაში ბუნებრივი აირი არ დაგროვებულა და ხანძარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მიზანმიმართულად გააჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებამდე ბინიდან ხმაური გამოდიოდა, რამდენიმე წუთით ადრე კი ერთ-ერთმა პირმა სახლში ბენზინი შეიტანა ერთ-ერთი ვერსიით კონფლიქტის მიზეზი ქონებრივი დავაა.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით არ იციან არც შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში ამბობენ, რომ დაზუსტებული ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ექსპერტები ადგილზე მუშაობას დაასრულებენ. ტერიტორიაზე რჩებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტები და სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენლები.ქუთაისში დღეს მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. სამი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.მათ სხეულის -75%- მდე დამწვრობა აღენიშნებათ.