აქციაზე მედიის წარმომადგენლების დიდი ნაწილი დაშვდა - ქარტიის საგანგებო განცხადება

21 ივნისი 2019, 01:55 2073 ნახვა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საგანგებო განცხადებას აქვეყნებს, ჟურნალისტების დიდი ნაწილი, აქციის დაშლის პროცესში დაშავდნენ. ქარტია შს სამინისტროს მოუწოდებს, უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება  და არ მიაყენონ სამართალდამცველებმა დაზიანებები. 

"თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშლის შედეგად დაშავდნენ "პირველი არხის", რუსთავი 2"-ის,” ტვ პირველის” და სხვა მედიაორგანიზაციების ჟურნალისტები. მათ შორის კორესპონდენტებს რეზინის ტყვიები მოხვედრილი აქვთ თვალის, ყელის არეში, თავსა და მკერდში. რამდენიმე მათგანის განცხადებით, პოლიცია მათი მისამართით რეზინის ტყვიებს დამიზნებით ისროდა მას შემდეგაც კი, როცა ისინი სამართალდამცავებს ეუბნებოდნენ რომ მედიის წარმომადგენლები იყვნენ. 

სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების ჟურნალისტებს, რუსთაველის გამზირზე, სადაც აქციაც და სროლაც ამ დრომდე გრძელდება, ურთულეს პირობებში უწევთ პროფესიული მოვალეობის შესრულება და მიმდინარე მოვლენების შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება.  უნდა აღინიშნოს, რომ საპროტესტო აქციის დაშლამდე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა და მისმა თანმხლებმა პირებმა საქართველოს პარლამენტის შენობიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით, უკანონოდ გამოაძევეს აკრედიტებული ჟურნალისტები და ხელი შეუშალეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება, სამართალდამცავებმა არ მიაყენონ სხეულისა და ჯანმრთელობის დაზიანებები და მისცენ პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა.

ქარტია ასევე მოუწოდებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მაქსიმალური ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე რათა არ მოხდეს საპროტესტო აქციაზე მყოფი ჟურნალისტებისა და მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დარღვევა" - წერია ქარტიის განცხადებაში. 

სოფო ჟღენტი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი