რა პრეტენზიები აქვს ქობულეთის მერს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან?   

01 აგვისტო 2019, 21:11 3835 ნახვა

ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ თუ კონკრეტულ პირს ეჭვი ეპარება მედიასაშუალებაში გასული ინფორმაციის ობიექტურობაში, ამის გასარკვევად შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართოს - დაახლოებით ასეთია არასამთავრობო სექტორის და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გამოხმაურება ქობულეთის მერის განცხადებაზე, რომელიც „მთავარს“ ცილისწამებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება გადავსებულ ურნებთან დაკავშირებით მომზადებულ რეპორტაჟს, რომელშიც მერიის სამსახურის მიმართ მოქალაქეები პრეტენზიებს გამოთქვამდნენ, მერი კი ამას უსაფუძვლოს უწოდებდა.

:საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახური არ აპირებს ქობულეთის მერის შემოთავაზების მიღებას ერთობლივი მონიტორინგის ჩატარების თაობაზე. ჩვენ ვმოქმედებთ მაუწყებლის ეთიკის პრინციპების დაცვით და თუ ნებისმიერი პირი ფიქრობს, რომ ეს პრინციპი ჩვენს რომელიმე რეპორტაჟში დარღვეულია, შეუძლია მიმართოს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს, ან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, მსგავსი დარღვევის დადგენის შემთხვევაში კი ჩვენ ამ რეკომენდაციებს რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ.  ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მიგვაჩნია, რომ მაუწყებელს არც ქცევის კოდექსი და არც ეთიკის პრინციპი არ დაურღვევია, შესაბამისად ქობულეთის მერის დაუსაბუთებელი ბრალდებები იმიჯის შელახვის მცდელობად აღიქმება. ჩვენ ავსახავთ რეალობას და ვერც იმაში ვხედავთ პრობლემას, თუ „მთავარის“ რეპორტაჟები თანამდებობის პირებს არ მოსწონთ.  

ლაშა ზარგინავა
წამყვანი, რედაქტორი

ამავე კატეგორიაში