საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსზე ყოველდღიურად 1000-ზე მეტი PCR ტესტირება ჩატარდება.
„თქვენ იცით, რომ საქართველოს დღესდღეობით გააჩნია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვმართავთ კოვიდინფექციის გავრცელებას და ასევე, შემდეგში, რა თქმა უნდა, მის მკურნალობასაც. აქედან გამომდინარე, არ მივიჩნევთ ხარვეზად იმ ფაქტს, რომ ჩვენი ტესტირება არის მიზნობრივი და მნიშვნელოვან როლს ვანიჭებთ იმას, რომ ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან საუკეთესოდ ხდება იმ ჯაჭვის ამოცნობა, როდესაც ხდება პაციენტის მხრიდან მის კონტაქტებზე ინფორმაციის გადაცემა, თუმცა, დღევანდელი მსჯელობის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღიურ რეჯიმში უკვე საქართველოში ჩატარდება 1000-ზე მეტი პისიარტესტი, ამის საშუალება ქვეყანაში არის და სწორედ იმ რისკჯგუფებში, იმ გაიდლაინის მიხედვით, რომელიც დღეს დამტკიცდება საბჭოს მხრიდან, იქნება უფრო მეტად გაფართოებული ეს ტესტირებები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის განცხადებით, ორ დღეში ალგორითმი გაფართოებული იქნება და შესაბამისად, შაბათ -კვირიდან ახალი ალგორითმით დაიწყებენ მოქმედებას.