86 წლის შემდეგ პირველად, აია სოფიაში მუსლიმთა პარასკევის ლოცვა შესრულდება. სტამბოლის გუბერნატორის, განცხადებით, მუსლიმთა ლოცვა დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო და მას სპეციალურად მოწვეული სამი იმამი ატარებს.
აია სოფიაში მუსლიმთა ლოცვას ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც ესწრება. გადატვირთულობის თავიდან ასარიდებლად, მლოცველებს ხუთი სხვადასხვა ღია სივრცე დაეთმობათ. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ლოცვამდე და ლოცვის დროს სტამბოლში რამდენიმე ქუჩა და მეტროს სადგური დაკეტილია.აია სოფიას ქრისტიანული ტაძარი ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ 537 წელს ააშენა. 1453 წელს, ოსმალების მიერ ბიზანტიის დაპყრობის შემდეგ, ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა. 1934 წელს თურქეთის პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მმართველობის დროს, აია სოფიას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა.
მიმდინარე თვის დასაწყისში, თურქეთის სასამართლომ აია სოფიას მუზეუმის სტატუსი გააუქმა, რის შემდეგაც, თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ აია სოფია ისევ მეჩეთად გადაკეთდებოდა. 1985 წელს აია სოფია იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას დაემატა.