ფოთში, ხონში და სენაკში იქნება მეორე ტური - გიგა ბოკერია

01 ნოემბერი 2020, 01:10 1659 ნახვა

ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგა ბოკერიამ ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, ფოთი-ხობი-სენაკის ოლქში, მეორე ტური ჩატარდება და მასში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას კონკურენტი, მეორე ტურში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, მურთაზ ზოდელავა იქნება.

იგი საზოგადოებას მოუწოდებს, მეორე ტურში, ხმა მისცენ ივანიშვილის წინააღმდეგ, მათი კონკურენტების, ამ შემთხვევაში კი ზოდელავას სასარგებლოდ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მეორე ტური იქნება იმ ოლქშიც, სადაც ის კენჭს იყრიდა.

„მიუხედავად იმისა, რაც ვნახეთ მთელი ამ კამპანიის დროს და დღეს, განსაკუთრებით ზოგიერთ ოლქში, ხალხმა ხმა მაინც მისცა ცვლილებებს ამ ქვეყანაში. სამწუხაროდ, საბოლოო ფაქტობრივი შედეგი გადაწყდება მეორე ტურში. იმ ოლქში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ფოთში-ხობში-სენაკში დიდი ალბათობით იქნება მეორე ტური და ოცნების კონკურენტი მეორე ტურში ივანიშვილის კანდიდატ ხახუბიასთან ერთად იქნება ჩემი კონკურენტი ბატონი ზოდელავა. რა თქმა უნდა, ისე როგორც ყველგან „ევროპული საქართველო“ საზოგადოებას მოუწოდებს, მეორე ტურში, ხმა მისცენ ივანიშვილის წინააღმდეგ და ჩვენი კონკურენტების, ამ შემთხვევაში, ზოდელავას სასარგებლოდ. ეს ვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორი სწორი და საჭირო იყო ის გეგმა, რაც ჰქონდა „ევროპულ საქართველოს“ ერთიან მაჟორიტარებზე და როგორი უპასუხისმგებლო იყო სააკაშვილის მხრიდან, ამ გეგმის ჩაშლა და როგორი უგუნურება იყო, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან ამ გეგმაში მონაწილეობის არმიღება, მაგრამ ეს წარსულია.

მეორე ტურები იქნება და ამ ტურებში ყველგან უნდა მივცეთ ხმა ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ. საერთო პოლიტიკური განაჩენი უკვე გამოტანილია - მიუხედავად უთანასწორო საარჩევნო გარემოსი, მას არ აქვს მანდატი საქართველოს მოქალაქეების და საზოგადოების ქვეყნის მართვაზე და ეს უნდა გაფორმდეს მეორე ტურში,მისი ხელისუფლებისგან ჩამოცილებით“, - განაცხადა ბოკერიამ.

ლაშა ზარგინავა
წამყვანი, რედაქტორი

ამავე კატეგორიაში