შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში

29 მარტი 2022, 18:28 746 ნახვა

ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და წარმატებული პარტნიორობა განიხილეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და ბრიტანელმა კოლეგამ. მინისტრებმა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომისა და არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებაც ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით კი ბრიტანეთის მთავრობის როგორ პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ჯუანშერ ბურჭულაძემ კი აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას და აუცილებელი რეფორმების გატარებას, მათ შორის საწვრთნელი შესაძლებლობების გაძლიერებას. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს ალიანსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდას. აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილი. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჰიბრიდული გამოწვევებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტული ასპექტებიც მიმოიხილეს, მათ შორის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატი, რომელიც შესანიშნავი პლატფორმაა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის. ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიტანელი კოლეგა, თავდაცვის მდივანი ბენ უოლასი საქართველოში მოიწვია.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში