კვარაცხელიას დინამო თბილისთან მატჩში ბათუმიდან გააცილებენ

26 ივნისი 2022, 11:08 1261 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე წრის პირველი ტურის მატჩში ჩემპიონმა დინამო ბათუმმა 3:0 დაამარცხა ბოლნისის „სიონი“ და კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს.

მასპინძელთა რიგებში კვლავ არ იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც 29 ივნისს „დინამო“ თბილისთან მატჩის შემდეგ ნაპოლიში გააცილებენ. სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. 53-ე წუთზე ანგარიში საქართველოს ნაკრების წევრმა ზურიკო დავითაშვილმა გახსნა, ხოლო მატჩის მიწურულს, წუთ-ნახევრიან მონაკვეთში ჯოვინო ფლამარიონმა დუბლი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ჯოვინო, რომელიც უკვე საქართველოს მოქალაქეა, 13 გოლით ბომბარდირთა დავაში ლიდერობს, 9 გოლი საბურთალოს ფორვარდ ირაკლი სიხარულიძეს აქვს, 8 - ხვიჩა კვარაცხელიას. 

ტურის სხვა შეხვედრებში საბურთალომ 3:1 დაამარცხა სამგურალი, ხოლო თბილისის დინამომ ტორპედოს 5:1 მოუგო. 19 ტურის შემდეგ დინამო ბათუმს 44 ქულა აქვს და ისევ ლიდერობს. 29 ივნისს დინამო ბათუმი უახლოეს მდევარ დინამო თბილისს უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში