"Viber"-ის აპლიკაციას საინფორმაციო-ტექნოლოგიურ მომსახურებას საქართველოდან გაუწევენ

09 აგვისტო 2022, 17:30 1125 ნახვა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში (IT) საქმიანობაზე საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა შპს “ვაიბერ ჯიეის”, რომელიც საქართველოში დარეგისტრირდა მიმდინარე წლის 8 აპრილს.

საწარმოს 100%-ის წილის მესაკუთრე პარტნიორია ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია შპს “Viber Media Sàrl”-ი. 

შპს “ვაიბერ ჯიეი” აპირებს თავის დამფუძნებელ კომპანიას შპს “Viber Media Sàrl”-ს გაუწიოს საინფორმაციო-ტექნოლოგიური მომსახურება “Viber”-ის აპლიკაციის სამომავლო საქმიანობის ოპერირებისა და განვითარების მიზნით. 

კომპანიას დაგეგმილი აქვს 2022 წლის ბოლომდე დაიქირაოს 50-მდე თანამშრომელი, როგორც iOS და Android დეველოპერები, ასევე, ხარისხის უზრუნველყოფის პერსონალი და შიდა ინტერფეისის (JAVA) დეველოპერები.

„ვაიბერ ჯიეის“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა, კომპიუტერული დაპროგრამება, კონსულტირება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები, საკონსულტაციო საქმიანობები კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში, ციფრული პროდუქტის დამზადება ან/და მიწოდება, პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერისა და მისი განახლებული ვერსიის მიწოდების ჩათვლით, ვებგვერდის დამზადება ან/და მიწოდება.

იმისათვის, რომ საქართველოს საწარმოს მიენიჭოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი: უნდა ჰქონდეს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ ორი წლის გამოცდილება; შეიძლება იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ ამ არარეზიდენტ საწარმოს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ ორი წლის გამოცდილება; შეიძლება, ჰყავდეს 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორი და ამ პარტნიორს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ ორი წლის გამოცდილება“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში