უკანონო რეფერენდუმი

24 სექტემბერი 2022, 20:07 550 ნახვა

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ რეფერენდუმის მეორე დღეა. ხერსონში რუსეთის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის ამომრჩეველთა აქტიურობა პირველი დღისთვის დამაკმაყოფილებელია. 

სააგენტო „ტასის“ ცნობით, 23 სექტემბერს დონეცკის ოლქში "ამომრჩეველთა" აქტივობამ 23.6% შეადგინა, ზაპოროჟიეში - 20.5%, ხერსონის ოლქში კი - 15%. ამომრჩევლებს ხმის მიცემა სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ, საარჩევნო ყუთები პირდაპირ ეზოებში ან სახლის კარამდეც კი მიაქვთ.

ე.წ რეფერენდუმისთვის საარჩევნო უბნები რუსეთის ქალაქებშიც არის გახსნილი. პროცესს კი ტერიტორიებზე რუსეთის მიერ არჩეული ე.წ ლიდერები აკვირდებიან.  რუსული არხების მტკიცებით, ამ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს სურთ, შეუერთდნენ რუსეთის ფედერაციას.

განსხვავებულია მოსახლეობის განწყობა, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქში ე.წ. რეფერენდუმი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. ზაპოროჟიეში მოსახლეობა ამბობს, რომ რეფერენდუმი არალეგიტიმურია და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

იმის მიუხედავად, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსები თავიანთი პოლიტიკის გატარებას ცდილობენ, უკრაინული მხარე ყოველდღიურად წარმატებას აღწევს.

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, სექტემბერში უკრაინელმა სამხედროებმა 400 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში