თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 35 ათასს უახლოვდება

13 თებერვალი 2023, 11:40 524 ნახვა

უკვე ერთი კვირა გავიდა გამანადგურებელი  მიწისძვრიდან თურქეთსა და სირიაში,  მაგრამ სტიქიური უბედურების რეგიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მაინც გრძელდება, გადარჩენილები ნანგრევებიდან 170 საათის შემდეგაც ამოჰყავთ.

მაშველებმა  თურქეთში  ნანგრევებიდან მამა- შვილი ამოიყვანეს.  35 წლის გოხან უღურლუ და მისი ქალიშვილი 11 წლის ზეინეპი, ჰატაიში გადაარჩინეს.

თურქეთის მიწისძვრით განადგურებულ ანტაკიაში  ჩინელმა მაშველებმა საცხოვრებელი  კორპუსის ნანგრევებში  ჩარჩენილი მამაკაცი 150 საათის  შემდეგ გადაარჩინეს. 

ჩინურ და თურქულ სამაშველო ჯგუფს ოთხი საათი დასჭირდა მამაკაცის საბოლოოდ გამოსაყვანად.

მიწისძვრიდან 144 საათის შემდეგ ესპანელმა მაშველებმა 50 წლის ქალი ცოცხალი ამოიყვანეს. ბელარუსმა და ყირგიზმა მაშველებმა კი ნანგრევებში მიწისძვრიდან  160 საათის შემდეგ კაჰრამანმარასში ცოცხალი  მამაკაცი იპოვეს.

ტაჯიკმა მაშველებმა ნანგრევებიდან 158 საათის  შემდეგ  3 წლის ბიჭი გადაარჩინეს. გასულ ორშაბათს განამადგურებელმა მიწისძვრამ და განმეორებითმა მიწისქვეშა  ბიძგებმა მიწასთან გაასწორა ქალაქები თურქეთსა და სირიაში, ბოლო მონაცემებით ორ ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობა 35 ათას უახლოვდება. 

ნანგრევების ქვეშ გადარჩენილთა პოვნის იმედი დროის გასვლასთან ერთად  იწურება, თუმცა  მაშველთა გუნდები მიწისძვრიდან თითქმის ერთი კვირის შემდეგაც ცდილობენ სიცოცხლის გადარჩენას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში