ვენეციის კომისიის დასკვნაში ერთი სიტყვა არ წერია იმის შესახებ, რომ დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და რომ დეოლიგარქციზაციის კანონის მიღება არ შეიძლება - მდინარაძე

15 მარტი 2023, 15:02 648 ნახვა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ცრუ აღმოჩნდა ნარატივი, თითქოს დეოლიგარქიზაციის შესახებ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ შეიძლება და ის ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს, დემოკრატიულ ღირებულებებს.

მისივე განცხადებით, ვენეციის კომისიას მსგავსი ჩანაწერი არ გაუკეთებია, თუმცა წარმოადგინა რეკომენდაციები, რომლებზეც უნდა იმსჯელონ. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის საბოლოო სახე სწორედ დისკუსიის შედეგად უნდა მიიღონ.

"აბსოლუტურად ცრუ ნარატივი, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება, ეს კანონი ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს და დემოკრატიულ ღირებულებებს, აღმოჩნდა ცრუ იმიტომ, რომ მსგავსი ჩანაწერი ვენეციის კომისიას არ გაუკეთებია. თუმცა, მთელი რიგი მიმართულებებით განაცხადა იმის შესახებ, რომ საჭიროებს დახვეწას და რა თქმა უნდა, ამაზე დისკუსია უნდა გაიხსნას. დეტალურად უნდა მივყვეთ ყველა რეკომენდაციას იმისთვის, რომ სპეკულაცია ვერავის მოახერხოს. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ განხილვებში შევიდეთ. დისკუსიის შედეგად კანონის საბოლოო სახე მივიღოთ, რომელიც კანონპროექტის მიღების შედეგად იქნება. ვენეციის კომისიამ დადო დასკვნა, სადაც ერთი სიტყვა არ წერია იმის შეახებ, რომ დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება“,- განაცხადა მდინარაძემ.

მისივე განცხადებით, ვენეციის კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები უნდა შესრულდეს.

"ახლა ჩვენ უნდა მივყვეთ თითოეულ რეკომენდაციას, რომელიც ვენეციის კომისიამ დადო იმისთვის, რომ ასეთი წუხილები გამოირიცხოს, ამისთვის დადო კონკრეტული რეკომენდაციები. ამიტომ, უნდა შევიდეთ ახლა ამ დისკუსიაში. თითოეულ შენიშვნას დასკვნიდან ყურადღებით უნდა მივყვეთ, რომ რისკები, რომელზეც თავად ვენეციის კომისია მიუთითებს, გამოირიცხოს. ვენეციის კომისიამ თქვა, რომ უკრაინული კანონი, რომელიც თავის დროზე მოწონებული იყო ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირების მიერ, სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს და ამ ხარვეზებზე იმსჯელეთო. ჩვენ ახლა ამ ხარვეზებზე უნდა ვიმსჯელოთ, გამოვრიცხოთ რისკები და ამ რისკების გამორიცხვით მივიდეთ კანონპროექტის საბოლოო სახესთან, რომელიც კანონის სახეს მიიღებს“,-განაცხადა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში