2019 წელს სალომე ზურაბიშვილის მიერ კონკრეტული პირების შეწყალების საქმეზე გამოძიება გრძელდება - ირაკლი შოთაძე

24 ოქტომბერი 2023, 11:34 522 ნახვა

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ 2019 წელს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონკრეტული პირების შეწყალების საქმეზე გამოძიება გრძელდება.

როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობით შეზღუდულია.

„ამ ფაქტზე გამოძიება გრძელდება. მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობით შეზღუდულია. პრეზიდენტზე იმუნიტეტი ვრცელდება. მასზე სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება შესაძლებელია იმპიჩმენტის შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დაასასტურა სისხლის სამართლებრივი დანაშაული ან კონსტიტუციის დარღვევა. გამოძიება გრძელდება, რომელიც დაწყებულია რამდენიმე წლის წინ საჯაროდ გავრცელებულ გარემოებებზე შესაძლო დანაშაულების ფაქტზე“, – განაცხადა შოთაძემ.

შოთაძეს კითხვა დაუსვეს პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტის თაობაზეც, რაზეც გენერალურმა პროკურორმა უპასუხა, რომ აღნიშნული პროკურატურის კომპეტენცია არ არის. 

„ამ შემთხვევაში საუბარია კონსტიტუციის დარღვევაზე. კონსტიტუციის დარღვევა არ არის პროკურატურის კომპეტენცია და არის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია“, - აღნიშნა შოთაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე.

გამოძიების ფარგლებში პრეზიდენტის მაშინდელი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები გამოიკითხნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი