უმაღლეს სამართლებრივ დონეზე გამყარდა ის, რომ ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამო ქმედებებზე, რომელიც ე.წ. ბორდერიზაციასა და ადამიანის უფლებების, სისტემურ დარღვევაში გამოიხატება, პასუხისმგებელი სწორედ რუსეთია - პრემიერი

10 აპრილი 2024, 10:13 275 ნახვა

საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.

მისივე განმარტებით, ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისთვის.

"კიდევ ერთხელ, უმაღლეს სამართლებრივ დონეზე გამყარდა ის, რომ ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამო ქმედებებზე, რომელიც ე.წ ბორდერიზაციასა და ადამიანის უფლებების განგრძობით, სისტემურ დარღვევაში გამოიხატება, პასუხისმგებელი სწორედ რუსეთია.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უფრო მეტად განმტკიცდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი.

მადლობას ვუხდი სახელმწიფო უწყებებს - იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველას, ვინც ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში წვლილი შეიტანა"- განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში