ბათუმში, გორგილაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში და ასევე ფიროსმანის ქუჩაზე შუქნიშნები მესამე დღეა შეფერხებით მუშაობენ.
მძღოლები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ყვებიან, რომ პიკის საათებში საცობებია, გამორთული შუქნიშნის გამო კი, გადაადგილება კიდევ უფრო რთულდება.
''ყველა მიმართულებით მარეგულირებელი ნიშანი გამორთულია. ცალკე ქვეითად მოსიარულეები გადადიან ზებრაზე, აბა რა გააკეთონ გზა ხომ უნდა გააგრძელონ. ამ არეულობაში ჩვენც ძალიან გვიჭირს გადაადგილება. დღისით მუშაობდა, ღამით ისევ გაითიშა. ფიროსმანის ქუჩაზე კი მესამე დღეა გამორთულია'' - ამბობენ მძღოლები.
პრობლემები ექმნებათ ქვეითად მოსიარულეებს, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე სკოლაა.
აჭარის მაუწყებელი ბათუმის ავტოტრანსპორტს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ დაზიანებული იყო ელექტროსადენი, რომელიც გორგილაძის ქუჩაზე უკვე შეაკეთეს. რაც შეეხება ფიროსმანის ქუჩას, იქ სპეციალისტები ისევ მუშაობენ. კონკრეტულად რამდენი დღე დასჭირდება ხარვეზის აღმოფხვრას უცნობია.
ფოტო: თეკლა მჭედლიძე