"ბათომი“ და EMC ბულვარში "ამბასადორის" მშენებლობაზე გაცემულ ნებართვას ასაჩივრებენ

01 მარტი 2021, 11:59 1097 ნახვა

"ბათომი“ და EMC ბულვარში სასტუმროს მშენებლობაზე გაცემულ ნებართვას ასაჩივრებენ და მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ.

"ჩვენმა ორგანიზაციამ საჩივარი შეიტანა სამინისტროში "ბათომის" სახელით. ვასაჩივრებთ იმას, რომ 2021 წლის 21 იანვარს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო 19 სართულიანი ნაგებობის მშენებლობაზე, იქ სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და  2018 წელს კომპანიას, მხოლოდ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების  ნებართვა ჰქონდა. ჩვენი მოთხოვნაა, რომ დაუყოვნებლივ შეჩერდეს მშენებლობა და დავის გადაწყვეტამდე ვიცოდეთ, რომ იქ არ გაგრძელდება ძეგლის ხელყოფა. ამის შემდეგ დაველოდებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს სამინისტრო.  2019 წლიდან  კომპანია ცდილობს კანონის გვერდის ავლით სხვადასხვა ნებართვების მოპოვებას. ის ორგზის დაჯარიმდა კიდეც. იქ ხორციელდებოდა ისეთი ტიპის სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც ცხადყოფდა 19 სართულიანი კორპუსის მშენებლობას, რაზეც 2019 წელს უარი მიიღო, დღეს კი რატომღაც თანხმობა. დაუსაბუთებელია მათი გადაწყვეტილება, როცა ისინი ეყრდნობიან კომპანიის მიერ წარმოდგენილ კვლევას, სადაც საუბარი საერთოდ არ არის უშუალოდ ძეგლზე. 

ველოდებით სამინსიტროს მხრიდან რეაგირებას და შემდეგ უკვე შესაძლოა სარჩელი შევიდეს სასამართლოში"-აცხადებენ EMC-ში.

საზოგადოება "ბათომი" ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს შეხვდნენ და მათ შეკითხვებს უპასუხონ.

"მოსახლეობამ არა ერთი საპროტესტო აქცია გამართა, შედგა პეტიცია, თუმცა ხელისუფლების და კომპანიის მხრიდან სრული იგნორი და დუმილი მოდის. პროტესტს და მშენებლებს შორის გამუდმებით დგას პოლიციის კორდონი. მივმართავ ხელისუფლებას და ვეუბნები, ნუ გვიფრიალებენ წითელს, დაგვანახონ მზაობა, შეგვხდნენ და გვიპასუხონ ჩვენს შეკითხვებზე"- განაცხადა საზოგადოება "ბათომის" წევრმა ზეინაბ დიასამიძემ.

აჭარის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე განიხილება ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, 2021 წლის 26 თებერვალს, შემოვიდა ა(ა)იპ ,,ბათომის“ ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2021 წლის 22 იანვრის 01-07/2 ბრძანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2021 წლის 21 იანვრის N03-04/1 სხდომის ოქმის ბათილად ცნობის შესახებ. ამ ეტაპზე განიხილება ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ბრძანებით წარმოებაში ჩაებმებიან დაინტერესებული მხარეები, რომლებსაც მიეცემათ მოსაზრების წარმოდგენის შესაძლებლობა. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ იქნება კანონით დადგენილ, ერთი თვის ვადაში"-აცხადებენ სამინისტროში.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში