მთავარი მსოფლიოში

20 აპრილი 2021, 20:01 199 ნახვა

უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების განლაგება გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე 2014 წელს, როდესაც რუსეთი ყირიმში შეიჭრა-განცხადება პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ გააკეთა.  მისი თქმით, ძალების ასეთი მასშტაბური განლაგება ხელს არ უწყობს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უკრაინის საზღვართან.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ჰამაჩეკი  ნატოსა და ეროკავშირის მოკავშირეებს მოუწოდებს, სოლიდარობის ნიშნად თავიანთი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატები გააძევონ. 17 აპრილს ჩეხეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევა. დიპლომატები რუსეთის დაზვერვაზე ფარულად მუშაობდნენ. 

ჩადის პრეზიდენტი იდრის დები ამბოხებულებმა მოკლეს.  ქვეყნის 30 წლიანი მმართველობის შემდეგ  ცოტა  ხნის წინ მეექვსე ვადით არჩეულმა პრეზიდენტმა  ინაუგურაციამდე ვერ იცოცხლა.  დები არჩევნებში  მორიგი გამარჯვების აღსანიშნავად  ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში არმიის მებრძოლების  წინა ხაზზე გაემგზავრა.  ამავე დღეს ამბოხებულები თავს დაესხნენ სასაზღვრო საგუშაგოს. პრეზიდენტმა  სასიკვდილო ჭრილობები შეიარაღებული დაპირისპირების დროს მიიღო.

ინდოეთში  ეპიდსიტუაციის გამწვავების ფონზე, ქვეყნის მთავრობამ  18 წელს ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაციის გადაწყვეტილება მიიღო. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსის 259 ათას 170 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რიცხვმა  15 მილიონს გადააჭარბა. ქვეყანაში ვირუსს კიდევ ათას  761 ადამიანი ემსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში ყველაზე მაღალი ფატალური შემთხვევაა.

საფრანგეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელიც სამოგზაუროდ კოვიდ-პასპორტს შემოიღებს.  სამოგზაურო კოვიდ-ბილეთი ციფრული მწვანე საშვის პირველი ნიმუშია, რომელიც ივნისის შუა რიცხვებში  ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება.  აპლიკაცია თოსანტიკოვიდი 15 მილიონამდე ადამიანმა უკვე  ატვირთა.  მასში ასახული იქნება პი-სი-არ ტესტები და ტესტები ანტიგენზე, ასევე ვაქცინაციის შესახებ სერტიფიკატები.  პროგრამის ერთ-ერთი უპირატესობა არის ის, რომ მას ყალბი ტესტების გამოყენების აღკვეთა შეუძლია.  აპლიკაციას  მიმდინარე კვირას ეირ-ფრანსისა და ეირ-კორსიკას რეისებზე გატესტავენ.

დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, საკუთარი კანდიდატურის დაყენების საკითხს "სერიოზულად" განიხილავს. დონალდ ტრამპმა, ფოქს ნიუს-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ამ საკითხს ის "ძალიან სერიოზულად" განიხილავს, თუმცა ვერ ადასტურებს, რომ ეს მართლაც ასე იქნება. მისი თქმით, ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა. დონალდ ტრამპმა  აღნიშნა, რომ ბოლო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, მას მხარი 75-მა მილიონმა ამერიკელმა დაუჭირა, რაც ცხადყოფს, რომ მისი მხარდაჭერის დონე მაღალია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში