აშშ-ის დასავლეთ შტატებში ძლიერი სიცხისგან გამოწვეულ 60-ზე მეტ ტყის ხანძარს ებრძვიან. ზოგიერთ ტერიტორიაზე ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს მოედო და ათასობით ადამიანის ევაკუირება გახდა საჭირო.
აქტიური ხანძრების ნახევარზე მეტი არიზონას, აიდაჰოს და მონტანას შტატებზე მოდის. დაიწვა 21 საცხოვრებელი სახლი. ყველაზე დიდი ხანძარი კი ორეგონში მძინვარებს, სადაც მედიის ინფორმაციით, ცეცხლი პორტლენდზე ორჯერ დიდი ზომის ტერიტორიაზეა მოდებული.
ადგილობრივი სახანძრო სამსახურის წარმომადგენლების ცნობით, ხანძრის შედეგად სულ მცირე 80 ათას ჰექტარზე მეტი ტყის ტერიტორია, 7 სახლი და 40 სხვა შენობაა დამწვარი.
ცეცხლის ჩაქრობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ართულებს.