ე.წ. „სუსის ფაილები“ და ეკლესიის რეაქცია

14 სექტემბერი 2021, 20:08 2071 ნახვა

ფარული ჩანაწერების გავრცელებიდან მეორე დღეს მორიგი დაპირისპირება იყო ჭყონდიდის ეპარქიაში. სასულიერო პირები მიტროპოლიტ სტეფანეს დაუპირისპირდნენ. ვიდეო კადრები თავდაპირველად ბალდის მონასტრის მრევლის Facebook გვერდზე გავრცელდა.

მღვდლებს მიტროპოლიტ​თან კითხვები გავრცელებულ სავარაუდო ახალ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჰქონდათ. მეუფე სტეფანემ მათთან საუბარი არ ისურვა და კრიმინალები უწოდა. მათ კი მღვდელმთავარი უღირს და შეუფერებელ საქციელში დაადანაშაულეს.

ნახევარსაათიანი მცდელობის შემდეგ, მეუფე სტეფანე ეპარქიასთან არსებული სკოლის შენობაში შეუშვეს, სადაც ის  პედაგოგებს შეხვდა.

ჭყონდიდის ეპარქიაში ვითარება თითქმის 2 წელია დაძაბულია, მას შემდეგ, რაც 2019 წლის 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე პატრიარქის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების შემდეგ, მეუფე პეტრე ცაავას ეპარქია ჩამოართვეს.

მღვდელმსახურების შეჩერების შემდეგ იქ სინოდმა ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია მიავლინა, რომელმაც გარკვეული დროის შემდეგ თავად ითხოვა ამ ეპარქიიდან სხვაგან გადაყვანა.

მიმდინარე წლის 12 თებერვალს კი კვლავ სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის ეპარქია ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს დაექვემდებარა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში