ძლიერი წვიმის შედეგად, ქობულეთის სოფლებში მეწყერი ჩამოწვა - გარესამყაროსაა მოწყვეტილი რამდენიმე ოჯახი

22 სექტემბერი 2021, 11:11 3671 ნახვა

ძლიერი წვიმის შედეგად, ქობულეთის რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა.

მეწყერი სოფლებში - კვირიკე, ხალა, ციხისძირი, ბობოყვათი, დაგვა, ხუცუბანსა და ჩაისუბანში ჩამოწვა. რამდენიმე ადგილი განმეორებითაც დაიმეწყრა. ქობულეთის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთები გეოლოგების შესწავლას საჭიროებს.

ჩამოწოლილი მიწის მასის გამო, ამ ეტაპზე, გარესამყაროსაა მოწყვეტილი რამდენიმე ოჯახი, მათ შორის სოფელ დაგვასა და ხალაში.

სოფელ დაგვაში ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილი ჩახერგილია და გადადგილება შიძლებელია.  დაზიანებულ ადგილას, მუშაობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2 ერთეული ტექნიკა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ საჭიროა ფერდსამაგრი სამუშაოებისა და ბაგირების გაკეთება, რომლებიც ქვის ლოდებს დააკავებენ.

ერთი ოჯახის ალტერნატიულ ადგილას გადაყვანა უკვე მოხდა. საფრთხის ქვეშაა კიდევ რამდენიმე ოჯახი.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, მოძრაობა შეზღუდულია 8 მიმართულებით, 2 მიმართულებით კი გზა ჩაკეტილია.

მათივე განმარტებით მუშაობს 5 ერთეული ტექნიკა. 

"მიწის მასა სახლთანაა მოსული, შეიძლება ყოველ წუთს სახლი წაიღოს. აქ საჭიროა ფერდსამაგრი სამუშაოები. ასე მოვლენ ყველა გაწვიმებაზე, დროებით გაწმენდენ და შემდეგ იგივე პრობლემაა. ახლაც ფერდი ჩამოიშალა, ქვის ლოდები ჩამოიტანა"- აცხადებს სოფელ დაგვას მეორე ბრიგადის დასახლებაში მცხოვრები ოთარ აბუსერიძე.

 

"უხვი ნალექის გამო , წუხელ ისევ განვითარდა სტიქიური პროცესები. ამ დროისთვის 8 მიმართულებითაა შეზღუდული მოძრაობა. 2 მიმართულებით ჩაკეტილია გზა. გაწმენდით სამუშაოებზე მუშაობს 5 ერთეული ტექნიკა, დღის ბოლომდე თუ არ მოხდა დამატებითი კერების წარმოქმნა, შესაძლოა ყველა მიმართულებით მოძრაობა აღდგეს. 

დაგვაშიც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რაც შეეხება სახლებთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებს მას შესწავლა დასჭირდება. საავტომობილო გზებზეც გვაქვს ცალკეული მონაკვეთები, სადაც შევიწროებულია სავალი ნაწილი, იქაც გეოლოგების შესწავლა დაგვჭირდება და დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები"- განაცხადა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ქობულეთის განყოფილების უფროსმა.

ძლიერი წვიმის შედეგად, დატბორილია დაბა ჩაქვში რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლების ეზოები. დაიტბორა სამედიცინო ცენტრის ეზოც.

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს დამეწყრილი უბნების შესწავლა, დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში