რუსეთის ულტიმატუმი აზოვსტალში გამაგრებულ უკრაინელებს

19 აპრილი 2022, 14:45 1049 ნახვა

მარიუპოლში აზოვსტალის მიმართულებით შეტევა დაიწყო. ამის შესახებ  ოკუპირებულ დონეცკში ე.წ. პოლიციის წარმომადგენელი იუწყება. აზოვსტალის ქარხანაში უკრაინელი მებრძოლები არიან გამაგრებულები, ქარხანაში სამოქალაქო პირებიც არიან, მათ შორის ქალები და ბავშვები.

რუსულმა არმიამ ვერ შეძლო მარიუპოლის დამცველების  განადგურება. მათ არაერთხელ მიმართეს დანებებისკენ, თუმცა აზოვის პოლკი დღემდე ქალაქის დასაცავად იბრძვის. ბატალიონის მეთაურმა დღეს მსოფლიო ლიდრებს  მიმართა და  აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში მყოფებზე მოუყვა, რომელთაც ეწურებათ წყლისა და საკვების მარაგი. ტელეგრამის არხით გავრცელდა ახალი მძიმე კადრები  მეტალურგიული ქარხნის სარდაფიდან.

აზოვსტალში მყოფ მებრძოლებს დანებებისთვის რუსეთი 2 საათს აძლევს, მოსკოვის დროით 14 საათიდან 16 საათამდე. სანაცვლოდ  მათ, რუსეთი სიცოცხლეს შუნარჩუნებას ჰპირდება.

რუსული მხარე ამ განცხადებას აზოვსტალში შექმნილი „კატასტროფული სიტუაციითა“ და „ჰუმანისტური პრინციპებით“ ხსნის. რუსეთის თანახმად, ამ ჰუმანიტარული ოპერაციისთვის 13:30 საათიდან უნდა გამოცხადდეს „ჩუმი რეჟიმი“, რისი ნიშანიც იქნება ორივე მხარის მიერ დროშების აღმართვა.

განცხადების მიხედვით, რუსული მხარე აღმართავს წითელ დროშებს, უკრაინულმა მხარემ კი უნდა აღმართოს თეთრი დროშები ქარხნის მთელ ტერიტორიაზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში