ანრი ოხანაშვილის განცხადება

01 ივლისი 2022, 12:19 709 ნახვა

ეს იყო პროპორციული, ადეკვატური რეაქცია და პასუხი უბინძურეს პროვოკაციაზე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და მას შორის მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატი წერეთელს მოუწოდებს, გამოვიდეს საჯაროდ და თქვას რა მოხდა.

ანრი ოხანაშვილი გუშინდელი ინციდენტის კადრების გასაჯაროებას ითხოვს და ვატო წერეთელს მოუწოდებს, ჩაიტაროს ექსპერტიზა, თუ რა მდგომარეობაში იყო მისული საელჩოს ღონისძიებაზე.

„აქ საუბარი არ არის რაღაც კრიტიკულ დამოკიდებულებაზე, პერსონალურ სიტყვაზე, ეს იყო აბსოლუტურად გამიზნული, როგორც ჩანს, დაგეგმილი უბინძურესი საქციელი. მე ვერ წარმომიდგენია ვერც ერთი ადამიანი, ვერც ერთი ქართველი, ვინც ამ საქციელთან მიმართებაში რეაქციას ვერ გამოავლენდა. ეს იყო სიბილწის საზღვარი, თუ შეიძლება, რომ ყველაფერს გასცდე, იკადრო და ყველაფერი ბინძური გააკეთო. მე ამ სიტყვებს აქ ვერ და არ გავიმეორებ.

აქედან გამომდინარე, დაუყოვნებლივ ჩავაყენე საქმის კურსში ამერიკელი მეგობრები. მზად ვარ და ჩემი სურვილია, რომ აბსოლუტურად ყველაფერი, ყველას გადაადგილება, იქ ყოფნის პერიოდი გასაჯაროვდეს. ყველამ ნახოს, რაც გააკეთა, როგორ მოვიდა, როგორ გამიხმო გვერდით და თქვას ეს ყველაფერი. გასარკვევია ასევე, რა მდგომარეობაში იყო ეს ადამიანი, რადგან მე არ გამოვრიცხავ, რომ მას ჰქონდა შესაბამისი თრობა. ჩაიტაროს ექსპერტიზა, სადაც უნდა და დადგინდეს ყველაფერი, როგორ შეიძლება, თუ ეს დადასტურდება, რომ ამერიკის საელჩოში ადამიანი ასეთ მდგომარეობაში მივიდეს, გამიზნულად გეგმავს უბინძურეს პროვოკაციას და ადამიანს ღირსების შემლახველ სიტყვებს ეუბნება. მე ძალიან კარგად ვიცი თმენის ვალდებულება და ყოფილა შემთხვევები პროვოცირებული, ყოფილა შემთხვევები, როდესაც შეურაცხყოფის მოყენებასაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს გასცდა ყოველგვარ საზღვარს, აბსოლუტურად ყოველგვარ საზღვარს. შესაბამისად, მე მზად ვარ და სურვილია, მექნება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრა და სურვილს გამოვთქვამ, რომ გასაჯაროვდეს ყველაფერი.

გასაჯაროვდეს ყველა კადრი, ყველას გადაადგილება, ყველა ტრაექტორია. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც დაინახეს როგორ მომიახლოვდა, როგორ გამიყვანა გვერდით და ა.შ გასაჯაროვდეს ყველაფერი, მზად ვარ ამისთვის. ამას უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება, მე ამ საკითხს პრინციპულად დავსვამ. ეს არ იყო კრიტიკა, ეს არ იყო უბრალო მოსვლა და პროვოცირება, ეს იყო ყოველგვარ ზღვარს მიღმა, რომელსაც არავინ მოითმენდა, რაც ამ ადამიანმა იკადრა და ეყოს ადამიანობა და გამოვიდეს და თქვას, რა მოხდა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში