ვლადიმერ პუტინს სურს, შობა გამოიყენოს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეაჩეროს - ზელენსკი

06 იანვარი 2023, 10:08 418 ნახვა

ვლადიმერ პუტინს სურს, შობა გამოიყენოს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეაჩეროს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას განაცხადა.

"ახლა მათ სურთ, შობა საფარად გამოიყენონ, რათა ცოტა ხნით მაინც შეაჩერონ ჩვენი ბიჭების წინსვლა დონბასში და საკუთარი ტექნიკა, საბრძოლო მასალა და მობილიზებულები ახლოს მოაგორონ ჩვენ პოზიციებთან. რას მოგვცემს ეს?! მხოლოდ დანაკარგის ზრდას. მთელ მსოფლიოში იციან, რომ კრემლი შესვენებებს იყენებს ომის ახალი ძალით გასაგრძელებლად”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა რუსებს და მოუწოდა მათ, შობის დღესასწაულზე მაინც იპოვონ ძალა, რათა დაძლიონ იმ ერთი ადამიანის შიში, რომელიც რუსეთს ანადგურებს.

"მსოფლიოში ყველამ იცის, როგორ იყენებს კრემლი ომის დროს შესვენებებს, რათა განახლებული ენერგიით განაგრძოს ომი, მაგრამ ომის უფრო სწრაფად დასასრულებლად ეს სულაც არ არის საჭირო. საჭიროა რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც იპოვიან გამბედაობას, გათავისუფლდნენ კრემლში ერთი კაცის მიმართ თავიანთი სამარცხვინო შიშისგან, სულ მცირე, 36 საათის განმავლობაში, სულ მცირე, შობის დროს. ომის დასრულება ნიშნავს თქვენი სახელმწიფოს აგრესიის დასრულებას. მაშინაც კი, როცა თქვენი რაკეტები და თვითმფრინავები ჩვენს ქალაქებს არ ესხმიან, ტერორი ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება. უკრაინელებს მოსვენებას არ აძლევთ. ხალხს აწამებენ, აუპატიურებენ. ეს გრძელდება ყოველდღე, სანამ თქვენი ჯარისკაცები ჩვენს მიწაზე არიან. ომი დასრულდება, როცა თქვენი ჯარისკაცები ან წავლენ, ან ჩვენ მათ გამოვდევნით“, - აცხადებს ზელენსკი.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით უკრაინაში ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა.

განკარგულების თანახმად, ცეცხლი შეწყვეტის რეჟიმი 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე იმოქმედებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში